ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში - ლარის დევალვაცია მნიშვნელოვანი პრობლემაა ძალიან ბევრი ბიზნესმენისთვის

რა დაბრკოლებებს აწყდებიან ამერიკელი ინვესტორები საქართველოში, რა არის ქართული ეკონომიკის ძლიერი მხარეები და როგორ ეხმარება ამერიკის სავაჭრო პალატა ბიზნესმენებს?

ამ და სხვა საკითხებზე ”ბიზნესპრესნიუსი” საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტს სარა უილიამსონს ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს?

ზოგადად, საქართველოში კარგი ბიზნესგარემოა. ზოგი კარგი მაჩვენებელი არც არის გახმაურებული. საგადასახადო ბაზა კარგია. ადმინისტრაციული პროცესების წარმოება მარტივია. მაგალითად, შესაძლებელია, რომ კომპანია ერთ დღეში დაარეგისტრირო და გადასახადები ონლაინ გადაიხადო. ქვეყანაში კორუფცია არ არის. ბევრი დასავლური ქვეყანა ისურვებდა, საქართველოსნაირი პროფილი ჰქონდეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები შეუცვლელია. ბოლო წლებში, საქართველოს სტატუსი, როგორც ლიდერი გლობალური რეფორმატორის, მნიშვნელოვნად დაეხმარა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაძლიერებას.

რამდენი წევრი ჰყავს ამერიკის სავაჭრო პალატას და როგორ ეხმარებით მათ?

ამერიკის სავაჭრო პალატას 208 წევრი ჰყავს. ეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი საერთაშორისო სავაჭრო პალატა. ნებისმიერ კომპანიას, რომელიც არ არის სახელმწიფო მფლობელობაში, შეუძლია გაწევრიანება. დირექტორთა საბჭო ყველა განცხადებას ინდივიდუალურად განიხილავს. წევრ კომპანიებს რამდენიმე მიმართულებით ვეხმარებით: უკეთეს სამუშაო პლატფორმას ვქმნით მათთვის, კერძო სექტორთან დიალოგით ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ვცდილობთ, მაღალ რგოლებთანაც ვთანამშრომლობთ როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში.

ჩვენ, როგორც საქართველოში რეგისტრირებული ბიზნეს ასოციაცია, ვკონცენტრირდებით კომპანიებზე, რომლებიც წარმატებას აღწევენ საქართველოში. თუმცა ქართველთა სამეწარმეო ინიციატივები და ენთუზიაზმი მაძლევს საფუძველს მჯეროდეს, რომ ამერიკაში აუცილებლად იქნებიან წარმატებული ქართული ბიზნესები. ჩემს კომპანიას UGT-ს აქვს საკმაოდ წარმატებული ფილიალი აშშ-ში და მიმაჩნია, რომ ეს უმეტესწილად ჩვენს გუნდში ქართველი პროფესიონალების დამსახურებაა.

რა არის ამერიკის სავაჭრო პალატის მიზნები და როგორ ცდილობს მის განხორციელებას?

ჩვენი მიზნებია დავხვეწოთ ბიზნესგარემო, ამერიკის შეერთებულ შტატებს/დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გავაუმჯობესოთ და შევქმნათ გარემო, სადაც კერძო სექტორი უკეთესად შეძლებს თანამშრომლობას. მიზნის მისაღწევად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს წევრ კომპანიებთან, საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებთან, სხვა პარტნიორებთან და ქვეყნისა და წევრი კომპანიების აქტიურ პრომოუშენს ვახდენთ.

ძირითადად რომელ სექტორებში აბანდებენ კაპიტალს ამერიკელი ინვესტორები საქართველოში?

ამერიკელებს საქართველოში საქმიანობის ფართო სპექტრი გააჩნიათ. ბევრი ფიქრობს, რომ BP ბრიტანელების კომპანიაა. თუმცა მისი აქციების ნახევარზე მეტს ამერიკელები ფლობენ და ისინი დამატებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებენ. ”ქართული მანგანეცის” მფლობელებიც ამერიკელები არიან და ის საქართველოს ყველაზე დიდი ექსპორტიორია. ამერიკელი ინვესტორების კომპანია GMT Group ფლობს ”მარიოტის” სასტუმროებს საქართველოში. Schultz Global Investment საქართველოში ჰიდროენერგიის მიმართულებით 100 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. „კონტი გრუპი“ კი ”თიბისი ბანკის” პარტნიორია ანაკლიის პროექტზე. ამერიკელი ინვესტორები აქტიურად არიან ჩართული სატელეკომუნიკაციო, ტურისტულ, ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და სავაჭრო ბიზენსაქმიანობებში. პარალელურად, ამერიკის მთავრობა OPIC-თან ერთად მნიშვნელოვნად უჭერს მხარს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, მათ შორის მსოფლიო ბანკს, აზიის განვითარების ბანკსა და EBRD-ს.

საქართველოს სტატისტიკის სამსახური არ აწარმოებს ცალკე ამერიკული ბიზნესსაქმიანობების მონაცემების აღრიცხვას. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკული ბიზნესი საქართველოში მზარდია. მნიშვნელოვანია, ფრენჩაიზების შემოტანაც, რომელთა რაოდენობა ბოლო წლებში მატულობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საცალო ვაჭრობის, სასტუმროებისა და კვების ობიექტების ფრენჩაიზები.

რას ურჩევთ ამერიკელ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში საქმიანობის დაწყებას გეგმავენ?

ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გეგმები აქვთ ინვესტორებს. ჩემი პირველი და ზოგადი რჩევა იქნება, რომ გრძელვადიანი ინვესტიციები განახორციელონ. საქართველოს ბაზარი საკმაოდ პატარაა, რეგიონში კი ბევრი გაურკვევლობაა, ამიტომ ნებისმიერი ინვესტიცია შეიძლება მოკლევადიან დაბრკოლებებს შეხვდეს და უმჯობესია, თუ გრძელვადიან გეგმებს დასახავენ. აუცილებელია, რომ პარტნიორებს კარგად იცნობდნენ. გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია კონკურენტების შესახებ ინფორმაციის ფლობაც.

რა დაბრკოლებებს აწყდებიან ამერიკელი ინვესტორები საქართველოში?

ამერიკელი ინვესტორების ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოში არის ის, რომ მათ საქართველოს შესახებ სათანადო ინფორმაცია არ აქვს. მათმა უმეტესობამ არ იცის, თუ რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე იქნება ჩვენი მხრიდან თუ ამის შეცვლას შევძლებთ.

აღნიშნულის გარდა ვთვლი, რომ საგადასახადო ადმინისტრაციის თვალსაზრისით კიდევ არის სამუშაო. რეფორმები ახლაც მიმდინარეობს და პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

როგორ ხედავთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმას? თქვენი აზრით, რა არის საქართველოს ეკონომიკის ძლიერი მხარეები?

ჩემი აზრით, მთავრობას მეტნაკლებად სწორედ დაგეგმილი სტრატეგია აქვს და აქცენტებსაც სწორი მიმართულებით აკეთებს. ინფრასტრუქტურა, განათლება, საგადასახადო რეფორმები და რეგიონების განვითარება - სწორედ ესაა მნიშვნელოვანი საკითხები. ამერიკის სავაჭრო პალატა ყოველთვის მზადაა, მთავრობას ამ რეფორმების განხორციელებაში დაეხმაროს.

რთულია, საქართველოს ეკონომიკის ყველაზე ძლიერი სექტორების გამოყოფა. საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს ბევრ სექტორში. აღნიშნულ პოტენციალს შემდეგი ფაქტორები განაპირობებს: იაფი მიწა, იაფი მუშახელი, ეფექტური ინფრასტრუქტურა, დაბალი გადასახადები და კარგი საკანონმდებლო გარემო.

ქართული ვალუტა ორი წელია მნიშვნელოვან პრობლემებს განიცდის. თქვენი როგორ ხედავთ პრობლემის მოგვარების გზებს?

ლარის დევალვაცია მნიშვნელოვანი პრობლემაა ძალიან ბევრი ბიზნესმენისთვის, განსაკუთრებით იმპორტიორებისთვის. თუმცა აუცილებელია იმის გაანალიზება, რომ ფაქტორები, რომელიც ლარის გაუფასურებას იწვევს, გარეგანი და რეგიონალური პრობლემებია. საქართველო ძალიან არის იმპორტზე დამოკიდებული, მაგრამ ეს ყოველთვის ასე იყო და დევალვაციის შედეგი არ არის. ამჟამინდელი მდგომარეობა ნავთობის ფასების დაცემამ და დოლარის სიძლიერემ განაპირობა. მასთან მიმართებაში მხოლოდ ლარი არ გაუფასურებულა. გაუფასურდა რუსული რუბლი, თურქული ლირა და აზერბაიჯანული მანათიც. მათ შორის ქართულმა ლარმა ყველაზე ნაკლები გაიაფება განიცადა. მართალია, ლარის გაუფასურება ჩვენთვის მტკივნეული თემაა, მაგრამ რეალობას თუ კარად გადავხედავთ, მივხვდებით, რომ საქართველო და ქართული ვალუტა ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაშია, ვიდრე მისი მეზობლები და მთავარი სავაჭრო პარტნიორები.

ნანა მღებრიშვილი