საგანგაშო სტატისტიკა - გზებზე 70 ბავშვი დაიღუპა, 3000-ზე მეტი დაშავდა!

"ხშირად და სრულიად გაუცნობიერებლად ზრდასრულ ადამიანებს, ყველა წესის დარღვევით, ბავშვები­ გზაზე გადაჰყავთ და მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან! ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაზარალებული ბავშვების დიდი ნაწილი სწორედ გზაზე გადასვლისას დაშავდა"

დაცულია თუ არა საქართველოში­ ბავშვ­თა საგზაო უსაფრთხოება? "ტრანს­პორტისა­ და გზების ასოციაციამ" პრობლემის კვლევა­ მერიის დაკვეთით დაიწყო - ორგანიზაცია რეკომენდაციებს შეიმუშავებს, მათ შორის, კანონმდებლობის გადახედვისა და საგანმ­ანათლებლო დონის გაზრდის კუთხითაც.

დავით მესხიშვილი, "ტრანსპორტისა­ და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი: - ბოლო სამი წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 ბავშვი გარდაიცვალა, 3 000-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული ბავშვების რაოდენობით საქართველო ოთხჯერ აღემატება საშუალოევროპულ მაჩვენებელს. ასეთი მძიმე სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბევრი გადაუჭრელი პრობლემა გვაქვს.

დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვნით - ხშირად და სრულიად გაუცნობიერებლად ამას ხელს უწყობენ ზრდასრული ადამია­ნები, როცა მოძრაობის წესების დარღვევით გადაჰყავთ ბავშვები­ გზაზე და მათ სიცოც­ხლეს საფრთხეს უქმნიან! ავტოსაგზაო შემ­თხვევებისას დაზარალებული ბავშვების დიდი ნაწილი სწორედ გზაზე გადასვლისას დაშავდა.

პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში არა გვაქვს ავტომობილში ბავშვის სპეცია­ლ­ური სავარძლით გადაყვანის კულტურა. კვლევის დროს მშობლები თავს იმართლებდნენ, რომ სავარძელი ძვირია და მისი შეძენა უჭირთ. წარმოუდგენელია, რა შეიძლება იყოს იმაზე ძვირფასი, ვიდრე ბავშვის უსაფრთხოებაა!

10 წლამდე ბავშვის­ გადაყვანა აუცილებელია მხოლოდ სპეციალური სავარძლით, 10 წლის ზემოთ კი დამჭერი მოწყობილობით, რომლითაც სავარძელზე კეთდება შემაღლება, რათა ღვედი ბავშვს ყელზე არ მიებჯინოს და დამუხრუჭებისას მისი დახრჩობის საფრთხე არ შეიქმნას.

ჩვენი ინიციატივით, გვინდა, ღვედის გამოყენება უკანა სავარძელზეც ყველა მგზავრისთვის სავალდებულო გახდეს.

კიდევ ერთი საკითხი - ზოგჯერ მძღოლები ავტომობილის მართვისას კალთაში­ ისვამენ ბავშვებს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია! სწორედ ეს ფაქტი მოხვდა საქართველოს შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშში, სადაც ისიც ნათქვამია, რომ საპატრულო პოლიცია ასეთ ფაქ­ტებზე ხშირად არ რეაგირებს.

ამასთან, გვინდა, საბავშვო ბაღებში ისწავ­ლებო­დეს საგზაო მოძრაობის ელემენტარული წესები, რათა 4-5 წლის ბავშვმა უკვე იცოდეს, რა არის ზებრა, არჩევდეს შუქნიშნის ფერებს და დაიმახსოვროს, რომელ მხარეს გაიხედოს პირველად გზის გადაკვეთისას. პრობლემაა ისიც, რომ ხშირად­ ბავშვები გადაჭედილ საზოგად­ოებრივ ტრ­ა­ნ­ს­პორტში ფეხზე მდგარი მგზ­ავრობენ, რაც დაუშვებელია!

მოკლედ, ქვეყანაში არ არსებობს საგზაო უსაფრთხოება, რასაც, სხვა­თა შორის, საკანონმდებლო ჩანაწერებიც უწყობს ხელს. მაგალითად, "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში წერია: "თუ ხართ 16 წლის და ზემოთ,­ 3 წლამდე ბავშვი შეგიძლიათ ავტომობილის უკანა სავარძელზე კალთაში ჩაისვათ". წარმოიდგინეთ, რომ უკანა­ სავარძელზე­ ზის ზრდასრული­ ადამიანი, არ უკეთია ღვედი და კალთაში უზის ბავშვი­. ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭების შემთხვევაში, ის სხეულის მთელი სიმძიმით აწყდება ჯერ ბავშვს, რომელიც კალთაში უზის, შემდეგ კი წინა სავარძლის ზურგს და, ფაქტობრივად, შუაში მოყოლილი ბავშვის მოგუდვას ან სხეულის მრავლობითი მოტეხილობის საფრთხეს ქმნის. ასეთი ჩანაწერის არსებობა კანონში ბავშვების სასიკვდილოდ გაწირვაა. გამოდის, თავად კანონი არღვევს ბავშვთა უფლებებს.

- ანუ პრობლემის მოგვარება საკანონმდებლო­ ჩანაწერის გამოსწორებით უნდა დაიწყოს?

- ამას ემსახურება ჩვენი კვლ­ევა­ც. უპირველესად სავალდებულო უნდა გახდეს ჩვილის გადაყვანა სპეციალური სავარძლით და ეს ჩანაწერი უნდა გაჩნდეს კანონში. მოვითხოვთ, გამკაცრდეს ჯარიმა ქვეითად მოსიარულეთათვისაც. მაგალითად, თუ ბავშვთან ერთად წესების დარღვევით გადადის ქუჩაზე. ამასთან, ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღთან მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა.­

- ყველაზე ხშირად რა სახის შემთხვევებისას­ ზარალდებიან ბავშვები?

- ბავშვთა დაღუპვის ფაქტები ყველაზე­ ხშირია მიკროავტობუსით მგზავრობის ან წესების დარღვევით მათი გზაზე გადაყვანისას. სხვათა შორის, ავტობუსის მძღოლს ტრანსპორტში ბავშვების ჩასხდომა-გადმოსხდომისას ავარიული ციმციმა უნდა ჰქონდეს ჩართული.

არის კიდევ ერთი წესი - კარგად გვახსოვს შემთხვევა, როცა "სითი პარკმა" ავტომობილი, რომელშიც მძინარე ბავშვი­ იჯდა, საჯარიმო სადგურზე გადაიყვანა. რა თქმა უნდა, "სითი პარკს" არ ვამართლებ, მაგრამ წესით, 6 წლამდე ბავშვი არ უნდა დატოვო მანქანაში!

ემა ტუხიაშვილი

წყარო „კვირის პალიტრა"