ნავთობის ფასი გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაძვირდა.

დილის ვაჭრობის შემდეგ „ბრენტის“ მარკის ნავთობი 6%-ით გაძვირდა და ბარელზე 57,89 დოლარი შეადგინა. თუმცა, „ბიბისის“ ცნობით, ფასმა მოგვიანებით ოდნავ დაიწია და ბარელზე 56,64 დოლარზე გაჩერდა.

გაძვირდა აშშ-ის ნედლი ნავთობიც, რომლის ფასმა ბარელზე 54 დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსთა განცხადებით, ნავთობის გაძვირება ოპეკ-ის წევრი და არაწევრი ქვეყნის შეთანხმებას მოჰყვა, რომელიც ნავთობის მოპოვების შემცირებას უკავშირდება.

ოპეკ-ის განცხადებით, ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, ნავთობის მოპოვებას დღეში 558 000 ბარელით შეამცირებენ.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, რუსეთი ნავთობის მოპოვებას დღეში 300 ათასი ბარელით შეამცირებს, მექსიკა - 100 ათასი ბარელით, ყაზახეთი - 20 000, ომანი - 40 000, აზერბაიჯანი - 35 000, ბაჰრეინი და ეკვატორული გვინეა - 12-12 000 ბარელით, სამხრეთ სუდანი - 8 000 ბარელით, ბრუნეი - 7 000, სუდანი და ბოლივია - 4-4 ათასი ბარელით დღეში.

30 ნოემბერს ოპეკ-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, 2017 წლის იანვრიდან ნავთობის მოპოვება ყოველდღიურად 1,2 მილიონი ბარელით შეამცირონ, რაც მათი აზრით, ნავთობის ფასებს დაარეგულირებს.