„სამსუნგი“ ყველა Galaxy Note 7-ს დაბლოკავს

სამხრეთკორეული კომპანია „სამსუნგი“ მოხმარებაში დარჩენილ Galaxy Note 7-ის მოდელის ტელეფონებს იძულებითი წესით გამორთავს.

NBC-ის ინფორმაციით, 19 დეკემბერს პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია გამოვა, რომელიც ამ მოდელის ბატარეის დატენვას დაბლოკავს და ტელეფონებს მობილურ ქსელებთან და უსადენო ინტერნეტთან დაკავშირებას აუკრძალავს.

„სამსუნგის“ ინფორმაციით, მომხმარებლებმა უკვე ჩააბარეს ნაყიდი Galaxy Note 7-ების 93%, მაგრამ ხმარებაში დარჩენილი 7% სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან ბატარეების აფეთქების პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა.

Galaxy Note 7 გაყიდვაში 2016 წლის აგვისტოში გამოჩნდა. პირველი ორი თვის განმავლობაში ტელეფონების აფეთქების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც კორპორაციამ ჯერ მოდელის გაყიდვა, შემდეგ კი წარმოებაც შეაჩერა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე