თამაზ შოშიაშვილი - თბილისის ბიუჯეტი 46 624 000 ლარით მცირდება

თბილისის ბიუჯეტი 46 624 000 ლარით მცირდება, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა.

„თბილისის ბიუჯეტი მცირდება 46 624 000 ლარით, მაშინ როდესაც ცენტრალური ბიუჯეტი იზრდება. დედაქალაქის მერიამ და „ქართული ოცნების“ ქალაქის მთავრობამ ვერ შეძლო თბილისელების ინტერესების დაცვა და შესაბამისი ტრანსფერის გამოთხოვა ცენტრალური ბიუჯეტიდან და დედაქალაქის მერია იძულებული გახდა, რომ შეამციროს თბილისის ბიუჯეტი“, - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

მისივე თქმით, ბიუჯეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აღდგენისა და მოვლა-შეკეთების მუხლში არაფერი იცვლება.

„არაფერი იცვლება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის აღდგენისა და მოვლა-შეკეთების მუხლში. ეს გახლავთ 35 400 000 ლარით წარმოდგენილი, როგორც იყო 2016 წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერიამ 2016 წელს რაც გააკეთა საცობების განტვირთვის კუთხით და კომფორტულად გადაადგილების მოწესრიგების თვალსაზრისით, იგივე გაკეთდება 2017 წლის განმავლობაში, ანუ უფრო დამძიმებულ მდგომარეობას მივიღებთ თბილისში საცობების კუთხით“, - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

მისივე თქმით, გაზრდილია ტრანსპორტის განვითარების მუხლი 31 466 00 ლარით.

„ეს არის დავით ნარმანიას საამაყო პროექტი, რომელიც ეხება „ქართული ოცნების“ ფერებში შეღებილ ავტობუსებს. ეს არის “იბიარდის” სესხი, რომელიც აიღო თბილისის მერიამ “ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიდან” და თბილისელებმა უნდა იხადონ ათწლეულების განმავლობაში ეს პროცენტული სესხი“, - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის, ავტობუსების მხოლოდ 20%-ის ჩანაცვლება მოხდება, რაც სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების კუთხით მდგომარეობას არ შეცვლის.