თამაზ შოშიაშვილი - ბიზნესის სტიმულირებისთვის 2017 წელს მხოლოდ 100 000 ლარი დაიხარჯება

ბიზნესის სტიმულირებისთვის 2017 წლის განმავლობაში მხოლოდ 100 000 ლარი დაიხარჯება , - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თამაზ შოშიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით.

”ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მუხლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დედაქალაქის მერიას ამ კუთხითაც არ აქვს გათვალისწინებული. ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მუხლი მცირდება 1 277 000 ლარით და შეადგენს 3 160 000 ლარს. ბიზნესის სტიმულირება, რაც დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება მხოლოდ 100 000 ლარით არის განსაზღვრული. მხოლოდ 100 000 ლარი დაიხარჯება დედაქალაქში 2017 წლის განმავლობაში ბიზნესის სტიმულირებისთვის”, - განაცხადა შოშიაშვილმა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრების მუხლი 28 285 000 ლარით არის შემცირებული.

”ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრების მუხლი 28 285 000 ლარით არის შემცირებული. ეს არის მუხლი, საიდანაც შესაძლებელია ხიდების, გვირაბების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. იმის ნაცვლად, რომ ამ მუხლზე განსაკუთრებული ყურადღება გაემახვილებინა თბილისის მერიას და მოწესრიგებისკენ წაეყვანა დედაქალაქში ვითარება, 28 285 000-ით შეამცირა. რაც შეეხება ავარიული ნაგებობების, კორპუსების გამაგრებას აქ 733 000 ლარით არის შემცირებული ბიუჯეტი”, - განაცხადა შოშიაშვილმა.

მისივე თქმით, შემცირებულია გარე განათების ქსელების ექსპლუატაცია და რეაბილიტაციის მუხლიც.

როგორც თამაზ შოშიაშვილმა აღნიშნა, დავით ნარმანიამ უპირველეს პრიორიტეტად დაასახელა პროგრამა - ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, თუმცა ამ პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხა 6 482 000 ლარით არის შემცირებული.

მისივე განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება გაუმჯობესების პროგრამის ქვეპროგრამა არის დასუფთავების ღონისძიებები, რომელიც ასევე შემცირდება 9 მილიონი ლარით.

”დასუფთავების ღონისძიებები 60 000 000 ლარიდან 9 მილიონი ლარით შემცირდება და 51 000 000 ლარს შეადგენს”, - განაცხადა შოშიაშვილმა.

როგორც შოშიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, 1 152 000 ლარით გაზრდილია ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების მუხლი, მისი ინფორმაციით, ეს არის მუხლი, საიდანაც ერთ-ერთი უმთავრესი ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამის დაფინანსება იქნება.