გამონაბოლქვის გავლენა ჯანმრთელობაზე

ბოლო პერიოდში საქართველოში ავტომობილების რაოდენობა საგრძნობლად მომრავლდა. გზებზე მათი გადადგილება განსაკუთრებით საღამოს 6-დან 8 საათამდე თითქმის შეუძლებელია. ამ სახით ატმოსფეროს დაბინძურების საშიშროება ყოველწლიურად მატულობს. 2016 წლის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო ჰაერის დაბინძურების მხრივ მსოფლიოში ლიდერობს.

რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანის ჯამრთელობას მანქანების რაოდენობის მატებამ და გამონაბოლქვმა: მედიკოსებმა და ეკოლოგებმა მრავალი დაავადების მატებასა და ეკოლოგური მდგომარეობის გაუარესებას შორის უშუალო კავშირი აღმოაჩინეს. მათი აზრით, ფილტვის დაავადებების პროვოცირებას ეკოლოგიური მდგომარეობა განაპირობებს. ავტოტრასპორტის გამონაბოლქვი იწვევს სასუნთქი გზების დაზიანებასა და აჩენს ავთვისებიან წარმონაქმნებს.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოში, ავტომობილების ტექ-დათვალიერება სახელმწიფოს არ ჩაუტარებია. მომრავლდა ძველი, იაფფასიანი ავტომობილების მოძრაობა. საზღვარგარეთიდან, განსაკუთრებით კი იაპონიიდან, ჩინეთიდან, ასევე თურქეთიდან ავტომობილების ჩამოყვანის შემთხვევაში არ ხდება მათი სრული ტექ-დათვალიერება. თეგეტა პრემიუმ ვიიქალსის ბიზნესის განვითარების დირექტორის, გიორგი მეთეფშიშვილის განმარტებით, ამ მხრივ საჭიროა ძველი ავტომობილების შეზღუდვა (მაგრამ არა აკრძალვა) და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული შემოწმება. მისივე თქმით, ამ ყველაფრის ეტაპობრივად გავლაა საჭირო, რადგან მოსახლეობას ეკონომიკური ზიანი არ მიადგეს.

საქართველოში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართაობა და ძველი ავტომობილების ჭარბი რაოდენობა სახელდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის წარმომადგენლის ბაკურ ხუნდაძის განმარტებით განსაკუთრებული სიმკაცრით ყვითელი ავტობუსები უნდა შემოწმდეს, რადგან ისინი ძლიერ გამონაბოლქვს გამოყოფენ. მოსახლეობისთვის არანაკლებ საშიშია სამუხრუჭე ხუნდებში არსებული აზბესტის შემცველობა. აზბესტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებაა. ექიმების თქმით, აზბესტი ძლიერ ზიანს აყენებს პატარა ბავშვებს. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების 2016 წლის კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში ჰაერის დაბინძურებით 18 000 ადამიანი იღუპება. კვლევაში ასევე მითითებულია, რომ ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებულ საფრთხეს მოზარდებსა და ბავშვებს უქმნის.