აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იყო ხარჯვის მაღალი ტემპი, სწორედ ამიტომ ვგეგმავთ 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს

თავიდანვე იყო ცნობილი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ხარჯვის ტემპი მაღალი იყო, ვიდრე ეს ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული , - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ფინანსთა სამინისტრო ინფორმირებული იყო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შედარებით მეტი თანხები დასჭირდებოდა და მან შესაბამისი ზომებიც მიიღო.

“წინასწარ იყო ცნობილი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იყო ხარჯვის მაღალი ტემპი. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ იმ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ. თანხები, რომელიც ბიუჯეტში იყო გამოყოფილი, მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებას მოხმარდა. ის არ წასულა არამართლზომიერად ჯიბეებში“, - აღნიშნა ზოიძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

უმცირესობის წარმომადგენლის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ნულია და სისტემა რომ არ აფეთქდეს, წლის ბოლომდე პროგრამას დაახლოებით 40 მლნ ლარის დამატება სჭირდება.

როგორც ჭიაბერაშვილმა განმარტა, 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 570 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც არის 100 მლნ ლარით მეტი, ვიდრე 2015 წელს დაიგეგმა. მისივე თქმით, პროგრამაზე 35 მლნ ლარის დამატება წელს უკვე მოხდა და პროგრამის წლიური ბიუჯეტი 605 მლნ ლარი გახდა, მაგრამ 9 დეკემბრის მონაცემებით, ეს 605 მლნ ლარი მთლიანად გაიხარჯა.

ამასთან, დღეს პარლამენტის ბიუროს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარედგინა. პარლამენტში არსებული ინფორმაციით, საბიუჯეტო ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების საკითხს ეხება და დამატებითი თანხები აღნიშნული პროგრამისკენ მიემართება.