პარლამენტში არსებული ინფორმაციით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებას ეხება

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება. მიმდინარე წლის საბიუჯეტო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს მთავრობისგან დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

როგორც ბიუროს წევრები განმარტავენ, მათთვის ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ცვლილებები შედის მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ამასთან, პარლამენტში არსებული ინფორმაციით, საბიუჯეტო ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების საკითხს ეხება და თანხები აღნიშნული პროგრამისკენ მიემართება.

პარლამენტის ბიურომ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის განხილვის გრაფიკი განსაზღვრა, კერძოდ, 13-16 დეკემბრის ფარგლებში მათ კომიტეტებში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში განიხილავენ, რის შემდეგაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შემაჯამებელ მოსმენას გამართავს. ამის შემდეგ საბიუჯეტო ცვლილებები მთავრობას დაუბრუნდება.

2016 წლის სახელმწუფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა არა უგვიანეს 23 დეკემბრისა უნდა დაამტკიცოს.