გატაცებით დაწყებული ბიზნესი და გზა კალათბურთიდან მეღვინეობამდე

ყოფილმა კალათბურთელმა და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ დაახლოებით ორი წლის წინ მეღვინეობას მოკიდა ხელი. როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მომავალი წლის იანვარში ბაზარზე უკვე 2015 წლის მოსავალს გამოიტანს.

მისივე თქმით, მეღვინეობა არის საქმე, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს და რასაც დიდი სიყვარულით, საკუთარი ხელით აკეთებს, სწორედ ამიტომ გზა კალათბურთიდან მეღვინეობამდე რთული არ ყოფილა.

„ბოისას“ ბრენდის ღვინო, კონიაკი და ჭაჭა თელავის რაიონის სოფელ შალაურში მდებარე ძველ მარანში იწარმოება.

„საქმიანობა მეგობართან ოთარ ბრეგვაძესთან ერთად დავიწყე. პირველი რთველი 2014 წელს იყო და 2015 წელს უკვე ბოთლებში ჩამოვასხით. თავიდან მხოლოდ მეგობრებისთვის იყო გათვლილი პროდუქციის წარმოება, მაგრამ ისე მომეწონა პროცესი, ჩამოსხმა, დაყენება, რომ გადავწყვიტე ზოგადად ბიზნესის დაწყება მეცადა.

„სოფელ შაბაურში გვაქვს მარანი, სადაც ეს ყველაფერი კეთდება. ღვინოს დაყენება ხდება, ისე როგორც წლების წინ ჩვენი წინაპრები აყენებდნენ. ეს არის 8 000 წლის ტრადიციით გაკეთებული ღვინო, რომელიც 100 წლის ქვევრებში ინახება, ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებ,“ - აღნიშნა ბოისამ.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან, უკვე ტურისტული ჯგუფების მიღებასაც გეგმავენ, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან როგორ ხდება ღვინის ჩამოსხმა და დაყენება.

როგორც ვლადიმერ ბოისამ ჩვენთან საუბრისას თქვა, „ბოისას“ ბრენდის სასმელი, საქართველოს გარდა, სლოვენიასა და ავსტრიაში უკვე იყიდება. ცნობილი კალათბურთელი ვერ აკონკრეტებს, თუ რამდენი ბოთლის გამოშვება მოხერხდება 2017 წელს, თუმცა აღნიშნავს, რომ 2020 წლისთვის წარმოების 10 ათას ბოთლამდე გაზრდას აპირებს.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან რქაწითელისა და საფერავის გარდა, ყურძნის ახალი ჯიშის წარმოების დაწყებასაც გეგმავენ.

თაია არდოტელი