"2016 წელთან შედარებით, მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები 22 მილიონი ლარითაა შემცირებული"

2016 წელთან შედარებით, მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებულია 22 მილიონი ლარით, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ჯაბა სამუშიამ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები იყო ”ქართული ოცნების” მხრიდანაც. ”ვერ ვიტყვით, რომ ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია, მაგრამ ”ქართული ოცნების” შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ ვარიანტსა და მეორე ვარიანტს შორის ადმინისტრაციული ხარჯების დაახლოებით 10%-იანი შემცირება მოხდა, რამაც გამოათავისუფლა დაახლოებით 7 300 000-მდე ლარი, რაც მთლიანად მიმართულია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად, როგორიც არის ავარიული სახლების გამაგრება, განვითარების ფონდის დაფინანსება, კულტურისა და სპორტის მიმართულებები”, - განაცხადა სამუშიამ.

მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის მიმართულებით თანხები არ შემცირებულა. ”კონკრეტულად ჯანდაცვის მიმართულებით არ არის თანხები შემცირებული. ზოგადად, ჯანდაცვა-სოციალური მიმართულებით თანხები შემცირდა და ეს გამომდინარეობს სოციალური და კომუნალური ვაუჩერის გამო. წინა წელს ყველას ეძლეოდა თბილისში სოციალური ვაუჩერი, წელს უკვე გარკვეული ცვლილება განიცადა, სოციალურად დაუცველებს და 200 000 ქულის მქონე პირებს ეძლევათ. ამის გამო მოხდა თანხების ცვლილება სოციალური მიმართულებით. საკუთრივ ჯანდაცვის მიმართულებით თანხების შემცირება არც იგეგმება და ამ მიმართულებით დიდი ცვლილებები არ არის”, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, თანხები არც ინფრასტრუქტურის მიმართულებით შემცირდა, უბრალოდ იმ მასშტაბის პროექტი, როგორც აღმაშენებლის გამზირის რეაბილტაცია იყო, აღარ იგეგმება და ამან გამოიწვია თანხების ცვლილება. მისივე თქმით, ავარიული სახლების გამაგრებისთვის ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით მეორე ვარიანტში 2 მილიონი ლარით მეტია.

საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ირაკლი ნადირაძემ და თამაზ შოშიაშვილმა 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ”ამ ბიუჯეტს არანაირი საერთო არც პროგრესთან და არც წინსვლასთან არ აქვს, არც თბილისელების პრობლემების მოგვარებასთან. ბიუჯეტი ორიენტირებულია მხოლოდ ”ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების კეთილდღეობაზე და იმაზე, თუ როგორ მოისყიდონ ამომრჩევლები, როგორ შეინარჩუნონ თანამდებობები”, - განაცხადა ნადირაძემ.