რა უნდა იცოდეთ, ვიდრე ლომბარდში თქვენს ქონებას დააგირავებთ

ლომბარდებზე დღეს ათასობით ადამიანია დამოკიდებული. ყველამ ვიცით, რომ მათი მუშაობის პრინციპი მარტივია: თუ ადამიანს ფული სჭირდება და არა აქვს, ლომბარდში ძვირფასეულობას, ან სხვა ღირებულ ნივთს აგირავებს და იხდის ე.წ. პროცენტს, ვიდრე ნასესხებ თანხას უკან არ დააბრუნებს. ეს ერთ-ერთი სტაბილური და შემოსავლიანი ბიზნესია საქართველოში, თუმცა ამ ბიზნესშიც არის გაურკვევლობები, რომელსაც მხარეები სამართალდამცავ ორგანოებამდე მიჰყავს. რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე ლომბარდში ჩვენს ქონებას დავაგირავებთ? - ამ შეკითხვაზე ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვიპასუხებს:

- ლომბარდზე დღეს მართლაც უმარავი ადამიანია დამოკიდებული. ეს არის კანონმდებლობით რეგულირებადი სფერო, სადაც მხარეებს შორის ურთიერთობას საქართველოს კანონმდებლობა აგვარებს. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ ნასესხებ თანხას დააბრუნებთ, უმჯობესია მაქსიმალურად აარიდოთ თავი ლომბარდთან ურთიერთობას, რადგან ამ ტიპის ორგანიზაციებში საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია. მაგალითად: არის ასეთი ორგანიზაცია - „სვის კაპიტალი“, საიდანაც 1000 დოლარის სესხად აღების შემთხვევაში, მესაკუთრეს თვეში 197 დოლარის გადახდა უწევს, 2000 დოლარის აღების შემთხვევაში კი, ეს თანხა 395 დოლარამდე იზრდება. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს კაბალური პირობებია. თანაც, ყველა ლომბარდს აქვს უფლება, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში, დაგირავებული ქონების რეალიზაციით დაიბრუნოს კუთვნილი თანხა. ასე რომ, ვიდრე მამა-პაპურ ძვირფასეულობას, ან ავტომანქანას დააგირავებდეთ, დაფიქრდით, შეძლებთ კი თქვენი ქონების უკან დაბრუნებას?

-ბატონო ირაკლი, თუ სხვა გამოსავალი არ არის და ოჯახმა საკუთრების დაგირავება გადაწყვიტა?

- თუ მაინც გიწევთ ლომბარდთან ურთიერთობა, უნდა ეცადოთ, რომ ფინანსურად ძლიერი ორგანიზაცია შეარჩიოთ, რომლის საპროცენტო განაკვეთი სხვებთან შედარებით ნაკლებია. ეს იმისთვისაც არის საჭირო, რომ შემდეგში პრობლემები არ შეგექმნათ და ნივთის დაბრუნების საკითხი ეჭვქვეშ არ დადგეს. ასეთი რამ მოხდა გურიის ერთ-ერთ რაიონში, სადაც ლომბარდი გაკოტრდა და მესაკუთრეებს თავის ნივთებს ვერ უბრუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ თანხა გადახდილი ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ლომბარდმა მიითვისა და გაყიდა კლიენტების ქონება და ისინი სასამართლოს გზით თუ შეძლებენ თავიანთი ნივთების უკან დაბრუნებას. ასე რომ, ეცადეთ თქვენი ნივთები მაინც და მაინც გაკოტრების პირას მისულ ლომბარდში არ დააგირაოთ.

-ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ლომბარდში ავტომობილსაც აგირავებს. რა უნდა გაითვალისწინონ ამ ადამიანებმა?

-ავტომანქანის დაგირავების დროს მესაკუთრემ გირავნობის აქტი უნდა დაარეგისტრიროს შსს-ს მომსახურების სააგენტოში, თანაც, აუცილებლად უნდა შედგეს წერილობითი ხელშეკრულება, სადაც ყველა ნიუანსი იქნება გათვალისწინებული. თუ მესაკუთრე პროცენტის გადახდას, ან ძირი თანხის დაბრუნებას დააგვიანებს, ხელშეკრულებაში არ უნდა იყოს პუნქტი, რომ ავტომობილი ლომბარდის სახელზე გადავა. ასეთი ხელშეკრულების გაფორმებისგან თავი უნდა შეიკავოთ, თუმცა ლომბარდების 95 პროცენტს სწორედ ასეთი ხელშეკრულებები აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ბანკთან ურთიერთობა უფრო საიმედოა, ვიდრე ლომბარდთან, რადგან ადამიანი რისკებისგან ბანკში უფრო დაზღვეულია.

-სხვათა შორის, ერთ ჩემს ახლობელს შეემთხვა სერიოზული უსიამოვნება: მან ძვირფასეულობა ლომბარდში დააგირავა და ეგონა, რომ სესხი ეროვნულ ვალუტაში გაუფორმეს, თუმცა ხელშეკრულებაში ორივე ვალუტა ეწერა - ლარიც და დოლარიც. მომდევნო თვეებში დოლარი ძალიან გაძვირდა და მას სოლიდური თანხა გადაახდევინეს ზედმეტად.

-ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელშეკრულების ზერელედ წაკითხვა დაუშვებელია. გირავნობის დროს ადამიანმა ყველა პუნქტი, ყველა სიტყვა უნდა აწონ-დაწონოს, თორემ ძალიან დაზარალდება. მე ყველა ჩემს კლიენტს ვთხოვ, რომ ფინანსურ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულება დიდი ყურადღებით წაიკითხონ.

-ბატონო ირაკლი, როდესაც მოგირავნე ვერც პროცენტს იხდის და ვერც ძირ თანხას ვერ აბრუნებს, ამ დროს რა გამოსავალი არსებობს?

-ასეთ დროს დაგირავებული ნივთი ლომბარდის მფლობელობაში გადადის და მოვალის მიერ გატანილი თანხაც ანულირდება. თუმცა, ზოგჯერ დაგირავებული ნივთის გაყიდვით ამოღებული თანხა საკმარისი არ არის და ლომბარდს უფლება აქვს, კლიენტს დარჩენილი თანხის გადახდა მოსთხოვოს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ხელშეკრულებას დიდი როლი ენიჭება - გააჩნია, რა პირობებია ჩადებული ხელშეკრულებაში და როგორ ასრულებენ მხარეები ამ პირობებს... ჩემს მიერ ჩამოთვლილი პრობლემები ამ სეგმენტში ყველაზე უფრო გავრცელებულია, თუმცა ლომბარდებისა და მათი კლიენტების ურთიერთობაში კიდევ ბევრი პრობლემა გვხვდება, ეს ვრცელი თემაა, რომლის ამოწურვაც ერთ სტატიაში შეუძლებელია.

ხათუნა ჩიგოგიძე