არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პროექტ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის განხილვა დროში ჭიანურდება , - ამის შესახებ 7 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს სარჩელი, რომელიც მიმართულია იმ საკანონმდებლო რეგულაციების გაუქმებისაკენ, რომელმაც შესაძლებელი გახადა თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში ამგვარი ფართო მასშტაბის მშენებლობის ნებართვის გაცემა, თუმცა მეორე თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვა გადადებულია განუსაზღვრელი ვადით, სხდომის სავარაუდო თარიღის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოსარჩელეთათვის მიწოდების გარეშე.
„მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქმის წარმოების ასეთი ფორმით გაჭიანურება არ ემსახურება მართლმსაჯულებისა და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ინტერესებს. გარდა ამისა, საქმის პოლიტიკური სენსიტიურობა და მის მიმართ არსებული დიდი საზოგადოებრივი ინტერესი კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლოს პასუხისმგებლობას გაჭიანურების გარეშე, დროულად და ეფექტურად განიხილოს აღნიშნული საქმე და გამოიტანოს გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ სასამართლოს, დროში გაჭიანურების გარეშე ჩანიშნოს სასამართლო სხდომა და აღნიშნული საქმის განხილვა და გადაწყვეტა განახორციელოს ეფექტურად, კანონით დადგენილ ვადებში”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ, ”ინიციატივა საჯარო სივრცისათვის”, ”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”; „აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო“; „მწვანე ალტერნატივა“; „მწვანე მუშტი“; „პარტიზანული მებაღეობა“ და „თბილისის ჰამქარი“.