ენერგეტიკის სამინისტროში, თემაზე: “საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ახალი შესაძლებლობები” შეხვედრა გაიმართა.
ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე, ევროპისათვის გაერო-ს ეკონომიკური კომისიის წარმომადგენელი ჯანლუკა სამბუჩინი, სხვადასხვა სამინისტროების პასუხისმგებელი პირები, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ენერგეტიკული კომპანიების, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო წრეებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია იმ პოლიტიკური, სამართლებრივი, მარეგულირებელი და ტექნიკური ბარიერების დასაძლევად, რომლებიც აბრკოლებენ საქართველოში განახლებადი ენერგიის რესურსების არსებული პოტენციალის ეფექტურად ათვისებას.
როგორც ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიის რესურსების მაქსიმალურად ათვისება. აღნიშნული ამოცანის განხორცილებისათვის კი აუცილებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და ინვესტორებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბება.
შეხვედრაზე დისკუსია მიმდინარეობდა შემდეგი მთავარი საკითხის გარშემო: რა სახის ცვლილებები უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, რათა გაიზარდოს ინვესტიციების მოცულობა განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით. ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე განისაზღვრა ის საკვანძო მიმართულებები, რომელთა განვითარებაც აუცილებელია სამომავლოდ განახლებადი ენერგორესურსების ათვისების მიზნით, კერძოდ განახლებადი ენერგიის რესურსების განვითარების შესახებ კანონის შემუშავება და მიღება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მაქსიმალურად გამჭირვალე და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და ქსელზე მიერთებისა და ნებართვებისა და ლიზენციების გაცემის მოქნილი პროცედურების შემუშავებას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს REN21 UNECE-ის მიერ განახლებადი ენერგიის საკითხების შესახებ მიმდინარე 2017 წლის ანგარიშის წინასწარი შედეგები. REN21 UNECE-ის მიერ მომზადებული 2015 წლის ანგარიში (REN21 UNECE Renewable Energy Status Report) განახლებადი ენერგიის შესახებ შეხვედრის მთავარ მოსამზადებელ დოკუმენტს წარმოადგენდა.
შეხვედრა ”განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელი 21 საუკუნისათვის“ REN21-ისა და ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) ერთობლივი ორგანიზებითა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.