„ცენტრ პოინტ აჭარას” ყოფილმა დირექტორმა ირაკლი მინდელმა პროკურატურის მიერ მისთვის წაყენებული ბრალი აღიარა. ამის შესახებ ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა.
როგორც მინდელმა აღნიშნა, ის არ ადასტურებს მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებასა და გაფლანგვას, თუმცა ამის მიუხედავად, თავს დამნაშავედ ცნობს.
„ცენტრ პოინტ აჭარას” ყოფილი ხელძღვანელი სასამართლოში დაკითხვამდე დუმილის უფლებას იყენებდა. ირაკლი მინდელს სახელმწიფო ბრალდება „ცენტრ პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად მენაშენეთა კუთვნილი, მილიონ ლარზე მეტის მითვისებასა და გაფლანგვას ედავება.
ბრალის აღიარებას ბრალდებულების ადვოკატებს შორის შელაპარაკება მოჰყვა. რჩეულიშვილების ადვოკატები დაინტერესდნენ, რატომ შეცვალა პოზიცია ბრალდებულმა, ვინაიდან აქამდე ბრალს არ აღიარებდა.
მათივე თქმით, ასევე გაუგებარია, რა ბრალს აღიარებს მინდელი - რა თანხის მითვისებასა და გაფლანგვას.