სამშენებლო კოდექსი ძალიან დიდი თემაა და მომზადებულია მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშენებლო კოდექსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები და დარგი იყვნენ ჩართულები.
„სამშენებლო კოდექსი არის ძალიან დიდი თემა, მომზადებულია მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის განხილვაც დაწყებულია. მასში საერთაშირისო ორგანიზაციები იღებდნენ მონაწილეობას. წარვადგენთ პარლამენტში, იქნება განხილვები. ამ პროცესში დარგი მთლიანად იყო ჩართული“, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, მთავარი პრორიტეტები იქნება ერთი მხრივ, სამშენებლო ბიზნესის გაძლიერება, ხოლო მეორე მხრივ, იმ ტექნიკური მოთხოვნების განხორციელება, რომელიც ევროკავშირის წინაშე გვაქვს აღებული.
„მთავარი პრიორიტეტები იქნება სამშენებლო ბიზნესი, რომელიც არის დღეს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულება. ეს კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, ის ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ წინ გველის კიდევ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში აღებული ვალდებულებიდან გამომდინარე, განვახორციელოთ, რომ ეს ყველაფერი რბილად მოხდეს“, - განაცხადა გახარიამ.