ჩვენ სამინისტროში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და არა შემცირება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სამინისტროში კადრების ოპტიმიზაცია მიმდინარეობს.
”სამინისტროში მიმდინარეობს კადრების ოპტიმიზაცია, ვინმე რომ ვინმეს კომპენსაციას არ აძლევს, ან სამსახურიდან აგდებს, ან რაღაც რადიკალური ზომებით არის დაკავებული, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სტრუქტურა უნდა მოერგოს იმ გეგმებს, რაც ჩვენ გაცხადებული გვაქვს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით არაფერი ხდება. დარწმუნებული ვარ ღირსეულად ჩავატარებთ ამ პროცესს. დაველოდოთ მოვლენებს”, - განაცხადა ალავიძემ.
მისი თქმით, ოპტიმიზაცია არის აუცილებელი.
”რაც გვქონდა დაგეგმილი ბიუჯეტის კუთხით, 10%-ით შემცირება სამეურნეო ხარჯებში და სახელფასო ფონდში, ეს უკვე გავაკეთეთ. მიმდინარეობს მთლიანად სტრუქტურაში ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაცია არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ განვახორციელოთ ის გეგმები, რაც გვაქვს დაგეგმილი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ხალხი ან უნდა წავიდეს, ან უნდა მოვიდეს. უბრალოდ სტრუქტურა უნდა გადაეწყოს იმ გეგმების მისაღწევად, იმ გეგმების განსახორციელებლად, რაც დაგეგმილი გვაქვს”, - განაცხადა ალავიძემ.