რადგან ჩვენ ვართ მიბმულები დოლარის კურსზე, რეალურ გამოხატულებაშიც მოსახლეობას ყოვედღიურად ჯიბეში ფული უმცირდება , - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში ფრაქცია „პარტიორთა ალიანსის“ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
შეფასებაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არ შეიმჩნევა, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას ეკონომიკური ზრდის შესახებ, „ის არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და თუ არის კითხვები მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, შეუძლიათ საქსტატს დაუსვან კითხვები“.
„შეგრძნების დონეზე დავადასტურებ იმას, რომ ვინაიდან, ერთი მხრივ, განკარგვადი შემოსავალი მცირდება ყოველდღიურად, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ მიბმულები დოლარის კურსზე, ეს რა თქმა უნდა, მოსახლეობაში აჩენს სამართლიან შეგრძნებას და რეალურ გამოხატულებაშიც მათ ყოვედღიურად ფული უმცირდებათ ჯიბეში და შესაბამისად, სწორედ ეს იყო ის გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ დოლარზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს ამ ქვეყანაში. ყველა ანალიტიკოსი, ვინც ჩვენს ქვეყანაზე წერს, ამბობს, რომ ერთობლივი მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში მცირდება იმის გამო, რომ რეალურად განკარგვადი შემოსავალი მცირდება ფიზიკური პირების მიმართ, ხოლო წნეხი იზრდება უკვე კორპორაციების მიმართულებით და შესაბამისად, ისინი ვერ აკეთებენ რეინვესტირებას. სწორედ ამ ნაწილში უკვე ეხმარება მოგების გადასახადი და ეს ნაწილი ერთმანეთს ავსებს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.