რამდენჯერაც თქვენ და ბატონი კვირიკაშვილი განცხადებებს აკეთებთ, ლარი ეცემა და ახალ-ახალ ანტირეკორდს ამყარებს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს.
ჭიაბერაშვილი დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელი მთავრობა 1 წელსაც ვერ გაძლებს ეკონომიკური კრიზისის გამო.
”რამდენჯერაც თქვენ და ბატონი კვირიკაშვილი განცხადებებს აკეთებთ, ლარი ეცემა და ახალ-ახალ ანტირეკორდს ამყარებს. მინდა გთხოვოთ, რომ აღარანაირი გეგმა, ნაბიჯები, ინიციატივები არ გამოაცხადოთ, რადგან ეს პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე. ღრმად მწამს, რომ თქვენი მთავრობა 4 წელს კი არა, ერთ წელსაც ვერ გაძლებს წინ ისეთი კრიზისი გველოდება თქვენი მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო. თუმცა, სანამ ხართ, მინდა გთხოვოთ, რომ განცხადებებს მაინც ნუღა გააკეთებთ, რადგან ძალიან დიდ ზიანს აყენებთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს. ამიტომ, ჩემი კითხვა არის ძალიან მარტივი - ლარის რა კურსზე დატოვებთ თანამდებობას როგორც ფინანსთა მინისტრი?”, - მიმართა ჭიაბერაშვილმა ქუმსიშვილს.