თქვენ, როგორც მთავრობის ყველა წევრი, იმეორებთ ერთსა და იმავე ლეგენდას, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი თურმე ყოფილა დოლარის გლობალური გამყარება, ან ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გაუფასურება , - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა რომან გოცირიძემ პირველ ვიცე პრემიერს, ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელმაც პარლამენტში, საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ამ ბოლო ათი დღის განმავლობაში თურქული ლირა, რუსული რუბლი გამყარდა, თუმცა, მისივე თქმით, „არავითარი სწრაფი კავშირი ამათსა და ლარს შორის არ არსებობს“.
თქვენ, როგორც მთავრობის ყველა წევრი, იმეორებთ ერთსა და იმავე ლეგენდას, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი თურმე ყოფილა დოლარის გლობალური გამყარება, ან ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გაუფასურება. ამ ბოლო ათი დღის განმავლობაში თურქული ლირა გამყარდა, რუსული რუბლი გამყარდა. დიახ, ბოლო ათი დღის განმავლობაში ლირა გამყარდა და თუ გინდათ მოგიტანთ და გინდათ გაჩვენოთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. არავითარი სწრაფი კავშირი ამათსა და ლარს შორის არ არსებობს. გადაცემის მექანიზმი ზოგ შემთხვევაში თვეებია, ზოგ შემთხვევაში წლები, ამიტომ მორჩით რა ამ ლეგენდას“, - განაცხადა გოცირიძემ და ფინანსთა მინისტრს მიმართა კითხვით, თუ რა იყო ლარის გაუფასურების მიზეზი და გაჩერდება თუ არა ამ ბიუჯეტით ლარი 2.65-ზე.
აღნიშნული კითხვის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრმა რომან გოცირიძეს მიმართა, რომ ნუ შეჰყავს მას მოსახლეობა შეცდომაში.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბიუჯეტის ხარჯვა შესაძლებელია აისახოს ვალუტაზე გადაცემით ორი მიმართულებით - ერთი მიმართულებაა ის, რომ საბოლოო ჯამში, უნდა გაიზარდოს იმპორტი, ხოლო მეორე მიმართულებაა, რომ უნდა გაიზარდოს დოლარიზაცია და მეტი მიმართულება არ არის.
„ძალიან გთხოვთ ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, ასე არ შეიძლება. როდესაც არათანაბარი ხარჯვაა და როდესაც მონეტარული ინსტრუმენტები ვერ ახერხებს დროის კონკრეტულ მონაკვეთში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გადანაწილებას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მცირე მერყეობები იყოს და ასეთი ჩვენ გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ჩვენ, როგორც გახსნილი ეკონომიკა, ვართ ინტეგრირებული და გადაცემის მექანიზმი არის ძალიან სწრაფი. როდესაც თურქეთი არის თქვენი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი, შესაბამისად, თქვენ მასთან ნამდვილად ხართ ინტეგრირებული. ბაზარზე დოლარის კურსს განსაზღვრავს მითხოვნა-მიწოდება. ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.