ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი: წინასწარ რატომ არ უთხარით ამომრჩეველს აქციზის გადასახადის გაზრდას რომ აპირებდით?, - ამ კითხვით მიმართა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა ბოკერიამ პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მთავრობა ხალხს პირდაპირ ეუბნება, რომ გაჭირვება არ შემცირდება.
”რა გამოდის ამ ვითარებაში? თქვენ გადასახადებს წევთ, ნაკლებ ფულს უტოვებთ ადამიანებს და ბიზნესს, ბიუროკრატებს ახარჯინებთ ბევრ ფულს, მაშინ როდესაც ამ ქვეყნის დიდ ნაწილს უჭირს, მაშინ როდესაც ლარს, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით, ემართება ის, რაც ემართება. განაჩენი გამოგაქვთ, პირდაპირ ეუბნებით ხალხს, რომ გაჭირვება არ შემცირდება. პირდაპირ ეუბნებით, რომ ჩვენ უკეთ დავხარჯავთ თქვენ ფულს, ვიდრე თქვენ თვითონ და თან არ გეშველებათ რეალურად არაფერიო. თქვენ აქ წინასაარჩევნო დაპირებებზე საუბრობდით. ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი: წინასწარ რატომ არ უთხარით ამომრჩეველს, რომ აქციზის გაზრდას აპირებდით? სად წერია ეს თქვენს პროგრამაში? თუ არ წერია, რატომ მოატყუეთ ამომრჩეველი?”, - მიმართა ბოკერიამ ქუმსიშვილს.