ფინანსთა მინისტრი - მომავალ წელს რთველზე ისეთივე თანადაფინანსებაა გათვალისწინებული, როგორიც წინა წელს იყო

მომავალ წელს ისეთივე თანადაფინანსებაა რთველზე გათვალისწინებული, როგორიც წინა წელს იყო, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, ბოლო ორი წელია საქართველოში ”სამარცხვინო რთველი ტარდება”.

ქუმსიშვილმა ღვინიაშვილს ფაქტების დასახელებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთი ინციდენტიც კი არ გაუგია არც ერთი ბიზნესმენისგან, რომ 2016 წელს ჩატარებულ რთველზე რამე მოხდა. ფინანსთა მინისტრის მტკიცებით, რთველი კარგად ჩატარდა.

”გავიგონე ითქვა, თავი გაუტეხესო - თუ ვიღაცამ ვიღაცას თავი გაუტეხა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ალბათ, სისხლის სამართლის მიმართულებით უნდა წავიდეთ. რთველის ჩატარება არის სამეურნეო ქმედება და ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. წინასაარჩევნო პერიოდში მონდომებული იქნებოდა ჩვენი ოპოზიცია, რომ ამ თემით ესარგებლა, მაგრამ ერთი ამბავიც არ გამიგია, რომ იქ რაღაც მომხდარიყო, ისე კარგად ჩაიარა რთველმა. თანადაფინანსების ნაწილში, როგორც იყო წინა წელს იყო გათვალისწინებული, ისეა მომავალ წელსაც რთველის მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერა. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სექტორს სხვა მიმართულებითაც დავეხმაროთ, რათა მან უკეთესად შეაღწიოს ბაზარზე და უფრო მეტი პროდუქცია გაყიდოს. ამ მიმართულებით ღვინის ეროვნული სააგენტო მუშაობს”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ხვნა-თესვის პროგრამას, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ყველაფერს აქვს დასაწყისი და სასასრული.

”თავიდანვე დაანონსებული იყო, რომ ეს პროგრამა იყო სამწლიანი, შემდეგ ერთი წელი დავამატეთ. რაღაც ყოველთვის იწყება და ყოველთვის მთავრდება. იყო ეს პროგრამა, დავაანონსეთ, ერთი წელი დავამატეთ, ოთხი წელი გავიდა და დავასრულეთ”, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.