რატომ ხდება პოლიციელების ხელფასის ხარჯზე, სუს-ისა და პროკურატურის დაფინანსების ზრდა?, - აღნიშნული კითხვით უმცირესობის სხდომაზე, დეპუტატმა ოთარ კახიძემ ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართა. კახიძის განცხადებით, საპოლიციო უწყებებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 23 485-ია, პოლიციელთა რიცხოვნობა არ მცირდება, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით კი, 2015 წელთან შედარებით პოლიციელთა შრომის ანაზღაურებას 27 მილიონი ლარი აკლდება.
”პოლიციელთა უმრავლესობას აქვს სესხი, რომლის გადახდაც უჭირთ. მათ გაუარესებული აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, არ ხდება ზეგანაკვეთური სამუშაოს ჯეროვანი ანაზღაურება, პრემიები და დანამატები რიგითი პოლიციელებიდან მენეჯმენტში ავიდა. მენეჯმენტის დიდი ნაწილი ნეპოტიზმით და პოლიტიკური ლოიალურობით გყავთ შერჩეული. ამავე დროს, წლიდან წლამდე მიმდინარეობს დანაშაულის განუხრელი ზრდა, რასაც მენეჯმენტი სტატისტიკის გაყალბებით პასუხობს, მაგრამ პოლიციელებმა ხომ იციან, რომ დანაშაული იზრდება”, - მიმართა კახიძემ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
როგორც კახიძის საპასუხოდ ფინანსთა მინისტრის მოდგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, პოლიციელთა ხელფასი არ მცირდება, ხდება მხოლოდ გარკვეული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტით, პოლიციელთა შრომის ანაზღაურების ნაწილში 2015 წელთან შედარებით, 27-მილიონიან კლებას, ეს კაკაურიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფით ახსნა.
”სწორედ ეს თანხა არის გადასული სუს-ში”, - აღნიშნა კაკაურიძემ.