გიგი წერეთელი - ჩვენ სულ ვამბობდით, რომ საყოველთაო დაზღვევას ვერც ერთი ბიუჯეტი ვერ გაუძლებს და ასეცაა

ჩვენ 4 წლის განმავლობაში ძალიან კრიტიკულები ვიყავით ჯანდაცის პროგრამის მიმართ, არა იმიტომ, რომ საყოველთაობა ცუდია, არამედ ცუდია მთავრობის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული ფინანსური მოდელი , - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

„რაც შეეხება ჯანდაცვას, ჩვენ 4 წლის განმავლობაში ძალიან კრიტიკულები ვიყავით იმ პროგრამის მიმართ, რომელსაც მთავრობა მოსახლეობას სთავაზობდა. პირველივე დღიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გვქონდა კამათი ამ საკითხზე, არა იმიტომ, რომ საყოველთაობა ცუდია, არამედ ცუდია ის, რა ფინანსური მოდელიც შესთავაზა მთავრობამ საზოგადოებას - გათანაბრება, დაბალი მიზნობრიობა, მდიდრის და ღარიბის ერთნაირად დაფინანსება და ა.შ. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ამას ვერც ერთი ბიუჯეტი ვერ გაუძლებს და ასეცაა. ყოველ წელს მთავრობას უხდება 100 მილიონის დამატება. წელსაც ამოწურულია უკვე დეკემბრის დასაწყისში ფული და დამატება გჭირდებათ. მომავალ წელს ძალიან მცირეა ჩადებული იმისთვის, რომ დეფიციტი შეივსოს. მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდა და აღარ არის მნიშვნელოვანი იმდენად საზოგადოების აზრი, ახლა აცხადებთ, მოდერნიზება, რაღაც მიდგომები უნდა შეიცვალოს და სახელმწიფო ვეღარ აიღებს იმ ხარჯებს თავის თავზე, რომელიც შედარებით უფრო შემოსავლიან ადამიანებს აქვთ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.