გრიგოლ ლილუაშვილმა ფინანსთა მინისტრს რეგიონებში გაზიფიცირების კუთხით დაფინანსების გაზრდის თხოვნით მიმართა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გრიგოლ ლილუაშვილმა პირველ ვიცე პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს რეგიონებში გაზიფიცირების კუთხით დაფინანსების გაზრდის თხოვნით მიმართა, - ამის შესახებ ლილუაშვილმა პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გაზიფიცირების თემა მრავალმხრივ დადებით ეფექტს - სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ეფექტებს ატარებს.

„კვლავ ღიად რჩება გაზიფიცირების თემა, რომელსაც შევეხები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ატარებს მრავალმხრივ დადებით ეფექტს - ეს არის სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტები. პირველი - სოციალური ეფექტი - ის, რომ ჩვენ ამით რეგიონებს ვაძლიერებთ და ვახერხებთ იქ მოსახლეობისთვის ხელსაყრელი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას. მეორე - ეკონომიკური ეფექტი, რომ ეს პროექტები თავისთავად წარმოადგენენ კაპიტალურ პროექტებს, რასაც შეუძლია პირდაპირი გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და მესამე - ეს შეამცირებს გარემოს კუთხით, ანუ ბუნებრივ რესურსებზე წნეხს. ამ სამი ეფექტის გათვალისწინებით მე პირადად და ჩემს კომიტეტს მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული იყოს უფრო მეტი დაფინანსება. არსებული ნიშნული წინა წლის ნიშნულზეა შენარჩუნებული. იმ ფონზე, რომ „სოკარი“ მიმდინარე წელს ამცირებს ამ სფეროს დაფინანსებას, ანუ წინა წელს თუ იყო 64 მილიონი „სოკარის“ დაფინანსება, წელს განსაზღვრულია 35 მილიონით, იქნებ ამაზე ვიმსჯელოთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავზარდოთ გაზიფიცირების კუთხით დაფინანსება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.