ბიზნეს სახლის პროექტს მთავრობის სერვისების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობა აქვს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა შეკითხვაზე - რა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავს მთავრობა ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს სახლის პროექტი დაასახელა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბიზნეს სახლის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია და ითვალისწინებს ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის ჩამოყალიბებას.
მისივე თქმით, „ბიზნეს სახლი" სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას წარმოადგენს, რაც ფიზიკური და ელექტრონული სივრცის განთავსებას გულისხმობს, ხოლო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში, ელექტრონულ პორტალზე, ერთი ფანჯრის პრინციპით 600-ზე მეტი სერვისი მიიღონ.
ამასთან, როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ბიზნესის სახლის პროექტს მთავრობის სერვისების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობა გააჩნია.