12 სასტუმრო, რომელიც თბილისში 2017 წელს გაიხსნება

თბილისში 2017 წელს რამდენიმე ახალი სასტუმრო გაიხსნება.

როგორც ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2016 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის შეჯამებისას განაცხადა, საქართველოში 2016-2017 წლებში 60-ზე მეტი ახალი განთავსების ობიექტი შეიქმნება, რაც დამატებით 3 800-ზე მეტ საწოლ ადგილს გულისხმობს.

”ბიზნესპრესნიუსი” იმ სასტუმროების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომელთა გახსნაც თბილისში 2017 წლისთვის არის დაგეგმილი.

„ინტერკონტინენტალ თბილისი“

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ინტერკონტინენტალ თბილისი“ დედაქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავას 14-ში, ყოფილი გამომცემლობის შენობაში განთავსდება. სასტუმროში 205 ნომერი იქნება. პროექტის ღირებულება 35 მილიონი დოლარია.

„რედისონ ბლუ ტელეგრაფი“

5-ვარსკვლავიანი სასტუმროს “რედისონ ბლუ ტელეგრაფის“ გახსნა 2017 წელსაა დაგეგმილი. თბილისში, ცენტრალური ფოსტის ყოფილი შენობის სრულ რეკონსტრუქციას კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ახორციელებს. 8 სართულიანი სასტუმრო 180-190 ნომრიანი იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 60 მილიონ დოლარამდეა.

„პულმანი“

5-ვარსკვლავიანი ფრანგული სასტუმრო „პულმანი“ ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე ტყუპი ცათამბჯენის „აქსის თაუერსის“ შუშის კოშკში განთავსდება. პროექტის დასრულება 2017 წელს არის დაგეგმილი. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელსაც ოპერირებას Accor ჯგუფში შემავალი მაღალი კლასის ფრანგული საერთაშორისო ბრენდი „პულმანი“ გაუწევს, ძირითადად ბიზნეს ტურიზმზეა კონცენტრირებული.

„რიქსოსი“

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „რიქსოსი“ გუდიაშვილის ქუჩაზე შენდება. 143-ნომრიან სასტუმროში "სკაი ბარი", 500 კვ.მეტრიანი საპრეზიდენტო ნომერი, 4 საკონფერენციო დარბაზი და 2 რესტორანი განთავსდება.

„შერატონ მეტეხი“

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „შერატონ მეტეხის“ რეკონსტრუქციას არაბული კომპანია ”რაკია” მომავალ წელს დაასრულებს. სასტუმრო 220 ნომერს მოიცავს. სრულმასშტაბიან განახლებაში 40 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

„ჰაიატ რეგენსი“

უმაღლესი კლასის სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში რუსთაველის გამზირზე განთავსდება. სასტუმროს 170 ნომერი, შეხვედრების რამდენიმე დარბაზი (საბანკეტო დარბაზის ჩათვლით,) ოთხი რესტორანი, სპა და ფიტნეს ცენტრი ექნება.

„გერგეთი“

კიდევ ერთი მაღალი კლასის ბუტიკსასტუმრო ”გერგეთი” თბილისში, გერგეთის ქუჩაზე 2017 წელს გაიხსნება. ებრაული ინვესტიციით „გერგეთის“ მშენებლობა 25 000 000 დოლარი ჯდება.

„ჰილტონ გარდენ ინ“

საშუალო კლასის სასტუმრო ”ჰილტონ გარდენ ინ” თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე აშენდება. სასტუმრო 14-სართულიანი და 165-ნომრიანი იქნება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისში Hilton Garden Inn-ის მშენებლობას 31 მილიონი დოლარით დააფინანსებს. „ჰილტონ გარდენ ინ“ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.

„რედისონ პარკ ინ“

საშუალო სეგმენტზე გათვლილი სასტუმრო „რედისონ პარკ ინ“ ჭანტურიას #10-ში სასტუმრო ”თორის” ადგილას აშენდება. სასტუმროში 200 ნომერი, 120 ადამიანზე გათვლილი რესტორანი, ბარი, ლობი-ბარი, საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები და 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყობა. სასტუმროში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

Golden Tulip

საშუალო კლასის სასტუმროს Golden Tulip 300 არაგველის ქუჩაზე კომპანია ”ბლოკ ინვესტი" აშენებს. სასტუმრო 80-ნომრიანი იქნება.

ENCORE

მომავალ წელს თბილისში „რამადას“ ჯგუფის 2 სასტუმრო ENCORE ყაზბეგისა და მელიქიშვილის გამზირებზე გაიხსნება. სასტუმროები 152 და 127-ნომრიანია. საინვესტიციო ღირებულება კი შესაბამისად 13.2 და 11.7 მილიონ დოლარს შეადგენს. სასტუმროების გახსნას კომპანია m2 გეგმავს.

„მოქსი“

ეკონომ სეგმენტის სასტუმრო „მოქსი“ ვორონცოვზე შენდება. სასტუმრო 130-ნომრიანი იქნება. პროექტს „ჯი-ემ-თი ჯგუფი“ ახორციელებს და მისი დასრულება 2017 წლის ბოლოს არის დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 25 მილიონ დოლარზე მეტია.

იხილეთ ფოტოგალერეა