მეტროს სადგურებს „ვარკეთილსა“ და „სამგორს“ შორის გვირაბში ავარიულად გაჩერებულ მატარებელში მგზავრები დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა, გოგა თირქიამ განაცხადა, დაახლოებით 09:55 საათისთვის მატარებელი, რომლითაც ვარკეთილიდან მგზავრობდა, მეტროს სადგურ „სამგორამდე“, გვირაბში ავარიულად გაჩერდა.
„ვაგონში გაითიშა ელექტროენერგია და ერთი მგზავრი სტრესის გამო ცუდად გახდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მოქალაქის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. გაჩერებულ ვაგონში მგზავრები დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ვიმყოფებოდით, შემდეგ კი მატარებლიდან გადმოვედით და უახლოეს სადგურამდე გვირაბში ფეხით ვიარეთ. მგზავრები მეტროპოლიტენ „სამგორის“ სადგურზე ამოგვიყვანეს. მოქალაქეებს გვირაბიდან გამოსვლაში პოლიციაც ეხმარებოდა“, - განაცხადა თირქიამ.