არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2016 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 720,1 მილიონი ლარის მოცულობის 19 167 სესხი იყო გაცემული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სესხების აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზე იყო მიბმული. რაც ნიშნავს, რომ მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ, რადგან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 6.5% დატოვა.
"ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული სესხების რაოდენობა 587-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანი პორტფელი - 724,5 მილიონი ლარიდან 720,1 მილიონამდე შემცირდა. 19 167 ხელშეკრულებიდან 9 506 სამომხმარებლო სესხია, რომლის მოცულობაც 92,3 მილიონი ლარია. ხოლო 1 ნოემბრისთვის ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 15.0% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრის მონაცემებით 4 565 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.1%-ში. მთლიანი პორტფელი კი 190,7 მილიონი ლარია.
1 730 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 405,82 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 68,6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13,5%-ში. მსხვილი ბიზნესი კი 1 ნოემბრის მონაცემებით 337,2 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12,4%-ში.
„ამავე პერიოდში ყველაზე მცირე რაოდენობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი გაიცა. სულ 1 ნოემბრის მონაცემებით 24 ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომლითაც 673,99 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 14,94%-ში გაასესხეს.
„ასევე გაცემულია 30,6 მილიონი ლარის 3 342 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 11,75%-ია. აქედან ყველაზე მეტია ბიზნესსესხები, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი 264 მილიონი ლარით არის შემცირებული. როგორც „საზოგადოება და ბანკებში“ აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რვა თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთმა საშუალოდ 14.6% - დან 12.5%-მდე დაიწია, რეფინანსირებაზე მიბმული სასესხო პორტფელი მაინც შემცირდა. რაც ერთი მხრივ, დაბალი ეკონომიკური ზრდით და მეორე მხრივ, შემცირებული ერთობლივი მოთხოვნითაა განპირობებული.