2017-2020 წლებში ჩვენი ფისკალური პოლიტიკის ძირითადი მიზანი იქნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის შესრულება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, შესაბამისად ჩვენი მოსახლეობის დასაქმება და მათი შემოსავლების ზრდა , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, 2017 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა. ფინანსთა მინისტრმა გამოსვლისას ყურადღება ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და საჯარო მმართველობის რეფორმირებაზეც გაამახვილა.
„ეს არის ჩვენი გუნდის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს - ეკონომიკურ რეფორმას, განათლების რეფორმას, სივრცითი მოწყობის გეგმას და საჯარო მმართველობის რეფორმას. ყველა ეს ოთხი კომპონენტი აუცილებელია ქვეყნისათვის სასურველი შედეგის მისაღწევად. თუ ჩვენ არ გვექნება საჯარო მმართველობის რეფორმა, და არ გავაუმჯობესებთ სერვისების შეთავაზებას კერძო სექტორისათვის, მაშინ ჩამოთვლილი წინა სამი რეფორმაც ვერ იქნება წარმატებული. თუ ჩვენ არ გვექნება დამაკავშირებელი მაგისტრალები და არ გვექნება სწორი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა ინფრასტრუქტურულად და სოციალურად, მაშინ ჩვენ ვერ აღვასრულებთ და მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. თუ ჩვენ არ გვეყოლება განათლებული, ადამიანები ჩვენ ვერ მივიღებთ იმ ეკონომიკურ ზრდას რომელიც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ყველა ეკონომიკური რეფორმა, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების გრძელვადიან კეთილდღეობას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებულ კონკრეტულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.
„4-პუნქტიანი გეგმით მთავრობა განახორციელებს: ეკონომიკურ რეფორმას, რომელიც ორიენტირებული იქნება კერძო სექტორის მაქსიმალურ წახალისებასა და მის გაძლიერებაზე, განათლების რეფორმას, რაც უზრუნველყოფს ადამიანური კაპიტალის განვითარებას და მის მაქსიმალურ, ეფექტიან ჩართვას ქვეყნის განვითარებაში, სივრცითი მოწყობის გეგმას, რომლის ფარგლებში მომზადდება განაშენიანების რეგულირების გეგმები. სწორი სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა. მთელი საქართველოს მასშტაბით დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი. საავტომობილო გზების ქსელი გახდება მიმზიდველი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას; აგრეთვე საჯარო მმართველობის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სერვისების პოლიტიკის შემუშავებასა და მომსახურების ხარისხის დახვეწას, ასევე, უწყებების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებას,” - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.