2016 წლის სამივე კვარტალში წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2016 წელს ყველა კვარტალში კერძო სექტორმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით.
მისივე ინფორმაციით, 2016 წლის პირველ და მეორე კვარტლებში შეიქმნა 33-33 ათასი სამუშაო ადგილი, მესამე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 37 ათასამდე გაიზარდა.
პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა მოიყვანა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 2013 წლის შემდგომ უმუშევრობის დონე შემცირდა და 2015 წელს ისტორიულ მინიმუმამდე, 12%-მდე ჩამოვიდა.
„2015 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 34.7 ათასით გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შემცირებულია თვითდასაქმებულთა რაოდენობა და 61 ათასზე მეტით არის გაზრდილი დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა. 2015 წელს 2012 წელთან შედარებით, დასაქმება გაიზარდა 55,9 ათასით, დაქირავებულთა დასაქმება კი 91 ათასით. რაც შეეხება 2016 წელს, სამივე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილი იყო წინა წლის შესაბამის კვარტლებთან შედარებით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.