„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მთავრობის უმთავრესი ფუნქციაა პირობების შექმნა განვითარებისთვის და შესაძლებლობების მიცემა თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის,“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის კანონის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი მიმართულია შეუქცევად წინსვლასა და განვითარებაზე. „2017 წლის ბიუჯეტის კანონი არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გარანტი და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში, რომელიც არის 1 წელი, არამედ საფუძველია ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველოს განვითარება დამოკიდებულია იმ ნაბიჯების თანმიმდევრობაზე, რომელსაც ჩვენ, ხელისუფლება და საზოგადოება, ერთად გადავგდამთ და მომავალი 4 წლის განმავლობაში მივიღებთ შედეგებს. პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებში გამოხატული ნდობისთვის და აგრეთვე პარლამენტს, რომელმაც მცირე ხნის წინ დაამტკიცა საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი.
„ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად გადავლახოთ ის დაბრკოლებები, რომლებიც ჩვენს წინაშეა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.