პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის ინფორმაციით, გურიაში დაახლოებით 30 ათასი ტონა ციტრუსი, ხოლო აჭარაში 70 ათასი ტონა ციტრუსი, შესაძლოა, გადასაყრელი გახდეს. როგორც ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი ინფორმაცია მას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა.
”ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანის ოჯახი განადგურდება, რომელთა იმედებიც სწორედ ციტრუსის რეალიზაციასთან არის დაკავშირებული. როგორც მეციტრუსეები მეუბნებიან, წინასაარჩევნოდ მათ ხელისუფლება ჰპირდებოდა, რომ 1 კილოგრამ ციტრუსში 70 თეთრს გადაუხდიდა. ეს არ მოხდა. გლეხობა თავს მოტყუებულად გრძნობს. დღეს მთავრობა, ალბათ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მეციტრუსეებს სთავაზობს 10 თეთრი გადაუხადონ უხარისხო ციტრუსში, დაახლოებით 20 თეთრი - ხარისხიან ციტრუსში. დანაპირები იყო ორჯერ მეტი. იმედი მაქვს, სათანადო სტრუქტურები იმოქმედებენ, რომ ციტრუსი არ აღმოჩნდეს განადგურებული და არ დაზიანდეს ათობით ოჯახი გურიასა და აჭარაში”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.