მნიშვნელოვანია, მომავალ წელს დაიწყოს მაღალი ლიკვიდობის მქონე ფასიანი ქაღალდების (ე.წ. „ბენჩმარკ“ ბონდების) გამოშვება, რომელთა ემისიაც წინასწარ იქნება გამოცხადებული, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მოსაზრებები წარმოადგინა.
„ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყარო ვალდებულებების ზრდაა. პროექტით გათვალისწინებულია სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით 400 მილიონი ლარის მობილიზება. სახაზინო ვალდებულებებით დეფიციტის დაფინანსება ხელს უწყობს სავალუტო რისკისა და ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ხარჯების შემცირებას, რის შედეგადაც მცირდება საგარეო შოკების გადმოცემა ბიუჯეტსა და ვალის ზრდაზე. ამავე დროს, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მომავალში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს დაიწყოს მაღალი ლიკვიდობის მქონე ფასიანი ქაღალდების (ე.წ. „ბენჩმარკ“ ბონდების) გამოშვება, რომელთა ემისიაც წინასწარ იქნება გამოცხადებული, რაც გაზრდის მათ პროგნოზირებადობას და, შესაბამისად, ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.