"ნორვეგიის ბიუჯეტის მსგავსიც რომ წარედგინა მთავრობას, ოპოზიცია მხარს მაინც არ დაუჭერდა"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზვიად ძიძიგურის აზრით, თუ ხელისუფლება დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვერ განახორციელებს, 2020 წელს მოსახლეობამ შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს და „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსი გაუჩნდეს.ამის შესახებ ძიძიგურმა პარლამანენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

ძიძიგურის თქმით, სივრცითი მოწყობის გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებამ 200 000 სამუშაო ადგილი უნდა შექმნას.

„ისმის კითხვები, ააშენებთ 800 კილომეტრიან ავტობანს, თუ ვერაო. 200 კილომეტრამდე აშენდა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ოთხჯერ უფრო მეტად არის დასაჩქარებელი ეს ტემპები და გასაკეთებელია. ძირითადი აქცენტები გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროზე. მე ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი გულშემატკივრებიც და დაინტერესებულებიც უნდა ვიყოთ, ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად, რა ხდება ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს ეს პროექტები. ეს პროექტები - 820 კილომეტრი ავტობანი განხორციელდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევეაა. თუ ვერ განვახორციელეთ, მაშინ 2020 წელს შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს მოსახლეობამ, იმიტომ რომ ვერც სამუშაო ადგილების მიმართლებით, ვერც ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით შეიძლება ვერ შევცვალოთ სიტუაცია უკეთესობისკენ. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ პოლიტიკურად გადარჩა ამ ხნის განმავლობაში და ექნა შესაძლებლობა, რომ 2020 წელს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, შანსი გაუჩნდეს. მაგრამ მე ძალიან ვეჭვობ, რომ მას რაიმე შანსი გაუჩნდეს, იმიტომ რომ აქ როდესაც მიგვითითეს ჩვენ, რომ კარგი ექსპერტები გვყავს ეკონომიკაში და მათ დაეყრდენითო, შეგახსენებთ, რომ 16-პუნქტიანი ეკონომიკური გეგმა წარმოადგინეს წინა მოწვევის პარლამენტში და ვერაფრით ვერ მივიტყუეთ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე, რომ ეს გეგმა განგვეხილა. ჩემი აზრით, ძალიან ზერელე გეგმა იყო“, - განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე თქმით, ნორვეგიის ბიუჯეტის მსგავსიც რომ წარედგინა მთავრობას, ოპოზიცია მხარს მაინც არ დაუჭერდა, რადგან ეს არის პოზიცია-ოპოზიცის განმსაზღვრელი საკითხი.