პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არალეგიტიმურია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
ამ კონტექსტში ოპოზიციონერი დეპუტატი იმ ფაქტის შესახებ საუბრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი თანმდევი კანონპროექტების გარეშე მიიღო.
საქმე ”საგადასახადო კოდექსში”, ”საბიუჯეტო კოდექსში”, ”სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ კანონსა და ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ეხება, რომელიც თავის მხრივ, მთავრობის ახალ საბიუჯეტო ინიციატივებს უკავშირდება.
აღნიშნული კანონპროექტები ჯერ მიღებული არ არის და მათი პირველი მოსმენით განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი.
”2017 წლის ბიუჯეტი, რომელიც გუშინ პარლამენტმა დაამტკიცა, არის არალეგიტიმური. მის შემოსავლებში გათვალისწინებულია თანხები, რომელთა მობილიზება საწვავსა და ავტომობილებზე აქციზის ზრდის, ასევე ავტომობილების მფლობელთა ქონების გადასახადით დაბეგვრის გზით უნდა მოხდეს. ”საგადასახადო კოდექსში” შესაბამისი ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ჯერ პირველი მოსმენითაც არ არის მიღებული. მისი განხილვა მხოლოდ დღეს იწყება. თეორიულად ხომ დასაშვებია, რომ პარლამენტმა ”საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებები არ მიიღოს - რა ხდება მაშინ?! უნდა მოხდეს ახალი ბიუჯეტის შედგენა?! ამაზე საჭიროა სამართლებრივი რეაგირება!”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, ”კანონების უგულვებელყოფა რომ ამ მთავრობის საფირმო ნიშანია, ამას 2016 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებიც ადასტურებს”.
”ქვეყნის საშინაო ვალის ზრდა, 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 200 მილიონი ლარის ოდენობით. სინამდვილეში, დღეისათვის ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების ემისიით, დამატებით 180 მილიონი ლარი იქნა ნასესხები. ახლა მთავრობა ჩადენილი უკანონობის უკანა რიცხვით დაკანონებას ითხოვს. სამართლებრივი კუთხით ფინანსთა მინისტრის მხრიდან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი იკვეთება, ხოლო მისი ეკონომიკური შინაარსია ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, მოსალოდნელი მაკროეკონომიკური შედეგებითურთ. კიდევ ერთი მაგალითი კანონისადმი უპატივცემულობის არის ის, რომ მთავრობას აზიის განვითარების ბანკიდან რამდენიმე თვის წინ ორი სესხი უნდა მიეღო - ერთობლიობაში 95 მილიონი დოლარის ოდენობით. მისი მიღება დროზე ვერ მოხერხდა, მხოლოდ სამი დღის წინ ჩაირიცხა, თუმცა მთავრობამ ბიუჯეტში გათვალისწინებული, ამ სესხით გასაკეთებელი ღონისძიებები წინმსწრებად დააფინანსა - ნაშთებიდან თანხების დეფიციტურად ხარჯვისა და საშინაო ვალის ლიმიტსზემოთ აღების გზით. აქაც იგივე კითხვაა: რომ არ ჩამორიცხულიყო ფული?! პარლამენტს რომ არ მოეხდინა სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება?! ისევ უკანონო ხარჯვებისათვის უნდა მიემართა მთავრობას! საკანონმდებლო ნიჰილიზმი, დაუსჯელობის შეგრძნება და მრავალი სახის დარღვევა, რომელიც აუდიტის სამსახურის დასკვნებშიც არის მოცემული, რეაგირების გარეშე რჩება. რა შეგვიძლია ოპოზიციას? - ვამხილოთ უკანონობა. არ არის გამორიცხული, სადაც ეს შესაძლებელია, სასამართლოს ან სხვა ინსტანციებსაც მივმართოთ”, - განაცხადა გოცირიძემ.
პარლამენტმა გუშინ გამართულ პლენარულ სხდომაზე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 102 ხმით, 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.