პრემიერი ლარის გაუფასურების საკითხზე ოპონენტების განცხადებებს "წმინდა წყლის პოლიტიკურ სპეკულაციებს" უწოდებს

საქართველო იმყოფება კონკურენციაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ამიტომ ჩვენი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები უნდა იყოს უკეთესი იმისთვის, რომ რეგიონში წამოსული ინვესტიციის დიდი ნაწილი მოხვდეს ჩვენს ქვეყანაში , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ლარის კურსის გაუფასურების თემას გამოეხმაურა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გაუფასურების საკითხზე ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებები არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები.

„ლარის გაუფასურებაზე ბევრი ითქვა, მაგრამ კიდევ მინდა ვთქვა, რომ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, პრაქტიკულად, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ყველა ვალუტა გაუფასურებულია და ამ საკითხზე ჩვენი ოპონენტების განცხადებები არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული, წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები. ეს იყო 100%-ზე მეტი გაუფასურება ყველა ძირითადი ვალუტის - საუბარი მაქვს თურქულ ლირაზე, ასევე უკრაინულ გრივნაზე, რომელიც 200%-ით არის გაუფასურებული, საუბარი მაქვს რუსულ რუბლზე - დაახლოებით 90%-ის ფარგლებში მოხდა გაუფასურება, აზერბაიჯანულ მანათზე - ასევე 100%-ზე მეტია გაუფასურება...

2012 წელზე იყო საუბარი და 2012 წლის შემდეგ ქართული ლარი გაუფასურებულია, დაახლოებით 60-დან 65 %-ის ფარგლებში. ეს არ არის კარგი, თუმცა საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელშიც არსებობს, მიუხედავად იმ სოციალური ფონისა, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა ცხოვრობს, ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან გამომდინარე, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების გეგმებზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება დგამს, ორიენტირებულია იმისკენ, რომ საქართველოს ჰქონდეს უფრო მაღალი განვითარების დინამიკა, ვიდრე „ეს ჩვენს გარშემო არსებულ სამეზობლოშია“.

“ეს არის ჩვეულებრივი კონკურენცია. საქართველო, რა თქმა უნდა, იმყოფება კონკურენციაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ამიტომ ჩვენი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები უნდა იყოს უკეთესი იმისთვის, რომ რეგიონში წამოსული ინვესტიციის დიდი ნაწილი მოხვდეს საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება იმ მიმართულებებზე მეტი აქცენტის გაკეთება, რომლებსაც შეუძლია მეტი სავალუტო შემოსავლების გენერირება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა და ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის სწორედ აქეთკენ მიმართული. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ის ფინანსური რესურსი, რომელიც ყოველწლიურად მთავრობას აქვს და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე მივმართოთ ბიუჯეტის კიდევ უფრო დიდი ნაწილი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს დაბალანსებული მიდგომა და ჩვენი ბიუჯეტი არის მიმართული იქეთკენ, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები, რომელშიც, სხვათა შორის, ათწლეულების განმავლობაში ვიმყოფებით და ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ, ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ წრიდან და ერთხელ და სამუდამოდ წავიდეთ იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში გადაიჭრას ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც დღეს გვაქვს. ეს არის ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება და გაჯანსაღება. ეს არის წარმოების ის მიმართულებები, რომლებიც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. ეს არის იმ სერვისების განვითარება, რომლებიც ასევე უცხოური ვალუტის გენერირებაზე იქნება ორიენტირებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.