აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FED) ბოლო 10 წლის განმავლობაში უკვე მეორედ გაზარდა საპროცენტო განაკვეთი 0,25%-ით, წლიური 0,5%-დან 0,75%-მდე.
FED-ის ხელმძღვანელობამ ასევე გაზარდა აშშ-ში უახლოეს სამ წელიწადში საპროცენტო განაკვეთის ზრდის პროგნოზი.
„ბიბისის“ ცნობით, საპროცენტო განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილების მიღებისას FED შრომის ბაზარზე შექმნილ სიტუაციასა და ინფლაციის დინამიკას აანალიზებს.
ინფლაცია აშშ-ში ჯერ კიდევ რჩება ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ დადგენილ 2%-ზე ქვემოთ.
როგორც ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ჯენეტ იელინმა განაცხადა, მომავალ წელს საპროცენტო განაკვეთი უფრო სწრაფად გაიზრდება, ვინაიდან ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპის პოლიტიკა გადასახადებისა და ხარჯების შემცირების, ასევე დერეგულაციის ფონზე ეკონომიკის სწრაფად ზრდას ვარაუდობს.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთი ეს არის პროცენტი, რომელსაც ამერიკული ბანკები ქვეყნის ცენტრალური ბანკისგან კრედიტის სახით იღებენ. 2008 წელს, ამერიკაში ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, თითქმის ნულამდე დაწია - 0-0,25%.
ანალიტიკოსთა პროგნოზით, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა 2008 წლის რეცესიის შემდეგ აშშ-ის ეკონომიკის მკვეთრ გაძლიერებაზე მიუთითებს.
FED-ის გადაწყვეტილება მაშინვე აისახა ქვეყნის საფონდო ინდექსებზე -NASDAQ-ის ინდექსი დაახლოებით 0,2%-ით დაეცა, S&P-ის ინდექსი 0,8%-ით, Dow Jones-ის ინდექსი კი 0,6%-ით. დღევანდელი ვაჭრობის შემდეგ დოლარი ევროსთან, იენთან და ბრიტანულ ფუნტთან გამყარდა.