წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 14.8 %-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბერში ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2016 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 97.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 242.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.8 პროცენტით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.7 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 88.8 პროცენტი მოდიოდა.
იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2016 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (35.4 მლნ აშშ დოლარი), აშშ (10.3 მლნ აშშ დოლარი), იტალია (9.9 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (8.5 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (8.1 მლნ აშშ დოლარი).
ეროვნული ბანკის ცნობით, 2016 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.1 მლნ აშშ დოლარი (42.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.7 მლნ აშშ დოლარისა (35.4 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.