საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, ფრანსუა პეჰშოს შეფასებით, დოლარიზაცია ქართული ეკონომიკის სისუსტეა. მისივე განცხადებით, ნაბიჯები, რაც დოლარიზაციის შემცირების მიზნით გადაიდგმება, სავალუტო ფონდისთვის მისაღებია.
სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნულის შესახებ გადაცემა „ბიზნესკონტაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებული გეგმა კარგია. როდესაც გავეცანით შემოთავაზებულ ვარიანტს, ის საკმაოდ მსგავსია იმ ღონისძიებებისა, რაც სხვა ქვეყნებმა გაატარეს დოლარიზაციის შესამცირებლად. ამ მეთოდებმა დაამტკიცა, რომ ეფექტიანია პრობლემის გადასაჭრელად. ამდენად, ვიმედოვნებთ, რომ ამ გზით, დოლარიზაციის დონე საქართველოშიც შემცირდება. თუმცა, ამას დრო სჭირდება“, - განაცხადა ფრანსუა პეჰშომ.
კითხვაზე - რა გავლენას მოახდენს საბანკო სექტორში სასესხო პორტფელებზე ლარიზაციის ფარგლებში დაგეგმილი დოლარში გაცემული სესხების ლარში კონვერტაცია, სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში განმარტა, რომ დოლარის სესხების კონვერტაციის მსგავსი მიდგომა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა პერუში, 2014-2015 წლებში და შესაძლებელი გახადა სასესხო პორტფელებში დოლარიზაციის დონის შემცირება.
„ეს ინიციატივა თითოეული პიროვნების, იპოთეკური სესხის მქონე მევალის სურვილზეა დამყარებული და მისი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს. ეფექტი, რასაც ეს ღონისძიება მოიტანს ბანკებისთვის, იქნება ის, რომ მათი სასესხო პორტფელი უფრო მეტად ლარში დენომინირებული გახდება. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ ეს ბანკებისთვის რაიმე თვალსაზრისით მტკივნეული იქნება“, - აღნიშნა ფრანსუა პეჰშომ.
მისივე განცხადებით, გასული ორი წლის განმავლობაში ლარის მერყეობას ბაზრიდან მომდინარე მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებდა. „ჩვენი რეკომენდაცია ეროვნულ ბანკის მიმართ იყო მცურავი გაცვლითი კურსის უზრუნველყოფა ინფლაციის სამიზნე პარამეტრის დაცვით. ბაზარზე ინტერვენციები უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ გადაჭარბებული რყევების თავიდან ასაცილებლად ან რეზერვების შესავსებად“, - განაცხადა ფრანსუა პეჰშომ.