თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”დედაქალაქის” წევრ თამარ ცინცაბაძის განცხადებით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი დედაქალაქის გამოწვევებს ვერ პასუხობს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ ცინცაბაძემ აღნიშნა, 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მერის მიერ წარმოდგენილ პირველ ვარიანტთან დაკავშირებით ფრაქცია ”დედაქალაქის” წევრებს ძალიან ბევრი შენიშვნა ჰქონდათ, თუმცა მერიამ შენიშვნების ძალიან მცირე ნაწილი გაიზიარა. შესაბამისად, ცინცაბაძის განცხადებით, ეს არ არის საკმარისი, რათა მათი ფრაქციის წევრებმა ბიუჯეტის პროექტს ხვალ საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირონ.
”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ბიუჯეტი, რომელიც დედაქალაქის გამოწვევებს ვერ პასუხობს. კერძოდ, ხელი უნდა შეეწყოს სამუშაო ადგილების შექმნას, რათა ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს. ბიუჯეტი ვერ პასუხობს ქალაქში არსებულ უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობას. განათლების პროგრამების კუთხითაც მიგვაჩნია, რომ სასურველი აქცენტები გაკეთებული არ არის. არც სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით არის გათვალისწინებული საკმარისი თანხები. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას და, ზოგადად, ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, ამ კუთხითაც ბიუჯეტის პროექტში სათანადო ყურადღება დათმობილი არ არის”, - განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიამ 2016 წელს ახალი ავტობუსები შემოიყვანა, თუმცა ეს მხოლოდ ერთჯერადი აქციაა. ცინცაბაძე აცხადებს, რომ 2017 წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტის პროექტში თანხები გათვალისწინებული არ არის. ასევე ბიუჯეტის პროექტში არაფერია გათვალისწინებული დედაქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად. მისივე განცხადებით, თბილისში ათასობით ავარიული სახლია და ამ მიმართულებითაც რაიმე სიახლე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული არ არის. ცინცაბაძის თქმით, ფრაქცია ”დედაქალაქი” 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.