საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტება მიმდინარეობს.„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, გრანტების სახით დაგეგმილი შემოსავლები მცირდება 8.2 მლნ ლარით. ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი იზრდება 181.2 მლნ ლარით. მისვე განცხადებით, აღნიშნული გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მისაღები სახსრების ნაწილმა გადაინაცვლა 2016 წლის დეკემბერში, ხოლო ნაწილმა - 2017 წლისათვის.
მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტი 2016 წლის ბოლოს მიიღებს 255.0 მლნ ლარს, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 120.0 მლნ ლარისა, ხოლო მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი და ევროკავშირიდან მაკროფინანსური დახმარების პროგრამის (MFA) ფარგლებში მისაღები რესურსი 275.0 მლნ ლარის ოდენობით ჩამოირიცხება მომდევნო წელს. კაკაურიძის ინფორმაციითვე, საგარეო წყაროებიდან საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების დროში გადავადებიდან გამომდინარე, დამატებით რესურსებს მოიძიებენ შიდა ბაზარზე.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ სხვადასხვა სამინისტროების და სხვადასხვა დაწესებულებების ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება 40.0 მლნ ლარით და ეს რესურსი მიიმართება ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის დასაფინანსებლად. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ამ პროგრამისთვის დამატებით გამოიყო 35.0 მლნ ლარი. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს მის ბიუჯეტის ფარგლებში არსებული რესურსების მობილიზებას. როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ, კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, 2017 წლიდან იგეგმება პროგრამის მოდიფიცირება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება როგორც პროგრამის მდგრადობა, ასევე, შენარჩუნდება პროგრამის ბენეფიციარებისთვის სათანადო მომსახურების მიწოდება.
ოპოზიციის წარმომადგენელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინტერესდა, რამ გამოიწვია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანახარჯების მზარდი დინამიკა. დიმიტრი ხუნდაძემ 4 ძირითადი მიზეზი ჩამოთვალა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა, მანამდე მოსახლეობის ნახევრი არ იყო დაზღვეული და მათთვის სამედიცინო სერვისები იყო ხელმიუწვდომელი. მოსახლეობაში ჭარბად იყო დაგროვილი ჯანმრთელობის პრობლემები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანახარჯების შემდგომი მატება გამოიწვია სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების - 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერებიდა ა.შ.- პროგრამაში ჩართვამ 2014 წლის 1 სექტემბრიდან. ზემოხსენებული მიზნობრივი ჯგუფების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვამდე, კერძო სადაზღვევო კომპანიებმა მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება, დროულად მიეწოდებინათ ამ ჯგუფებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება, არ შეასრულეს და გადაიყვანეს აღნიშნლი ჯგუფების წარმომადგნლები გრძელვადიანი მოლოდინის რეჟიმში. შედეგად, მათთვის მიწოდებული სამედიცინო დანახარჯების ანაზღაურება მოხდა საყოველთაო პროგრამის ფარგლებში. მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რეგიონში და, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში გამოწვეულმა სავალუტო რყევებმა. განსაკუთრებით, დოლარისა და ევროს ზონიდან იმპორტირებული სამედიცინო-ფარმაცევტული პროდუქტის ფასები ეტაპობრივად გაიზარდა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ყურადღება საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის აქტუალობასა და პოზიტიურ შედეგებზე გაამახვილა.
მისი მოსაზრებით, საყოველთაო დაზღვევის შედეგი კიდევ უფრო ნათელი გახდება 5 წლის შემდეგ, როცა მოსახლეობის ჯანმრთელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. აკაკი ზოიძეს მიაჩნია, რომ სწორედ ჯანმრთელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის ჯანდაცვის სისტემის ინდიკატორი.
უმცირესობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ როდის ამოქმედდება ყოველდღიური მოხმარების 300 მედიკამენტის უფასოდ გაცემის პროგრამა. კომიტეტის თავმჯდომარის პასუხით, პროცესის დაწყებამდე საჭიროა მედიკემენტების ზღვრული ფასების დადგენა, რეგულაციების მოწესრიგება. ამის შემდეგ - 2017 წლის მეორე კვარტლიდან - შესაძლებელი გახდება ყოველდღიური მოხმარების 300 დასახელების მედიკამენტის გაცემა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.