რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა დღეს, სასტუმრო ”Holiday-inn”-ში გაიმართება. ორგანიზატორთა ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა და მისი მიზანია, შედგეს დიალოგი კერძო და საჯარო სექტორს შორის.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან წარმოდგენილნი იქნებიან: მინისტრი ზურაბ ალავიძე, მინისტრის მოადგილეები: გალაქტიონ ბუაძე (ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი) და ირაკლი მატკავა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე.
”ახლადდანიშნული მინისტრი პირადად ჩაერთვება დიალოგში საქართველოში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობენ. დამსწრეთა სიაშია ”ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრი და სხვა წამყვანი სამშენებლო კომპანიები არა მარტო საქართველოდან, არამედ იმ მეზობელი ქვეყნებიდან, რომელთაც ჰყავთ წარმომადგენლობა საქართველოში”, - აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და ”ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” ერთობლივად გავრცელებულ ინფორმაციაში.