ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დაუსაბუთებელი უწოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შრომის ანაზღაურების ხარჯების ოპტიმიზაციის საკითხის შესახებ გავრცელებულ განცხადებას.
მისი განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალური პასუხი გაუგზავნა აუდიტის სამსახურს შენიშვნებთან დაკავშირებით, სადაც ყველა დასმული საკითხი იყო ახსნილი, რეკომენდაციები კი, სადაც მისი გათვალისწინება შეიძლებოდა, გათვალისწინებული.
„რაც შეეხება შრომის ანაზღაურებასა და საშტატო რიცხოვნობასთან დაკავშირებულ გამოთქმულ შენიშვნას - ჩვენ ძალიან ბევრ ორგანიზაციაში ნამდვილად შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი 10%-ით, ან ზოგან - ნაკლებით. რაც შეეხება საშტატო რიცხოვნობას, ჩვენ მივეცით საშუალება საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, თავად გადაეწყვიტათ, შეამცირებდნენ შტატებს, თუ სახელფასო ფონდს იქ არსებული რესურსის ხარჯზე,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.
მან ასევე ცალსახად აღნიშნა, რომ ბიუჯეტის თანახმად, სამინისტროებს აქვს დამატებითი ვალდებულება, რომ მოახდინონ წლის განმავლობაში დამატებითი ოპტიმიზაცია და გამოთავისუფლებული ვაკანსიების რაოდენობა შეამცირონ.