მსოფლიოში დოლარი გაძვირდება, რა ეშველება ლარს?

ამერიკაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკა იცვლება. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის სურვილს, რომ "იაფი ფულის ხანა" დასრულდეს, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მხარი დაუჭირა და საპროცენტო განაკვეთი 0.25%-ით გაზარდა, რაც სავალუტო ბაზარზე მყისიერად აისახა. რა ელოდება ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ლარს, მოსალოდნელია თუ არა მისი კიდევ უფრო გაუფასურება?

გუშინვე ევრო დოლართან მიმართებით კიდევ დაეცა და ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა. 1 ევრო უკვე 1,04 დოლარი ღირს. გაუფასურდა ბრიტანული სტერლინგი და იაპონური იენი. ნავთობმა და ოქრომ გაიაფება დაიწყო. რამდენად მოახდენს გავლენას ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება ეროვნულ ვალუტებზე, მათ შორის, ლარზე, ამაზე ქართველ ფინანსისტებს არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ გავლენა იქნება უმნიშვნელო, რადგან ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზად საერთაშორისო ფაქტორი არ გამხდარა.

დიდია ალბათობა, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთ საბაბად მომავალში სწორედ ამერიკაში საპროცენტო განაკვეთის ზრდა დასახელდეს, რამდენადაც ამერიკული ვალუტის გამყარების პოლიტიკა გაგრძელდება. საპროცენტო განაკვეთის მატება მხოლოდ მეორედ მოხდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ კენჭისყრაზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი განაკვეთის 0.5%-დან 0.75%-მდე გაზრდის წინადადებას, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ მოელის ეკონომიკის თანდათანობით ზრდას მომავალში.

ამგვარი ნაბიჯის გადადგმას მსოფლიო ბირჟებზე კარგა ხანია მოელოდნენ და ეს ნაბიჯი ამერიკის ფედერალურმა სისტემამ საპროცენტო განაკვეთის გაზრდიდან ერთი წლის შემდეგ ისევ გადადგა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაისად ამერიკაში მონეტარული პოლიტიკა მინიმუმ 2-ჯერ კიდევ გამკაცრდება და საბოლოო ჯამში, 2 წლის შემდეგ განაკვეთი 2%-ს გადააჭარბებს. ჯერჯერობით კი ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე. ამერიკაში ფასების ზრდის დინამიკა ამჟამად მიზნობრივზე (2%) დაბალია.

იმის გარკვევას, თუ რამ განაპირობა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება, რას ნიშნავს იგი სინამდვილეში და რას მოიტანს როგორც ამერიკისთვის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ვალუტებისთვისაც, "რეზონანსი" ფინანსისტებთან ერთად შეეცადა.

როგორც "ადმირალ მარკეტსის" ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დავით წიქარიძემ განმარტა, ასეთი ნაბიჯით დონალდ ტრამპი წინამორბედი პრეზიდენტის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას დაუპირისპირდა, რადგან ქვეყნის ეკონომიკისთვის ნაკლებად მომგებიანად მიიჩნევდა.

"რეალურად ხდება ის, რომ ამერიკა ცვლის საბიუჯეტო პოლიტიკას, რაც პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივაა. კონკრეტული გადაწყვეტილებით იცვლება ობამას პოლიტიკა, რომელიც იაფი ფულის მხარდაჭერას ითვალისწინებდა. ეს გამიზნული იყო ეკონომიკის განვითარების მიზნით. როგორც ვნახეთ, ამერიკის სარეზერვო ფონდმა გაითვალისწინა პრეზიდენტის სურვილი და საპროცენტო განაკვეთი 0,25 პუნქტით გაზარდა.

ტრამპა განაცხადა, რომ იაფი ფული კარგია, მაგრამ დოლარს იღებენ არა რეალურ სექტორში ჩასადებად და საწარმოების ამუშავებისთვის, არამედ ბირჟებზე გასატანად, რაც შემდეგ ფასიანი ქაღალდებით მანიპულაციისთვის გამოიყენება. პრეზიდენტი სწორედ ამ პროცესს დაუპირისპირდა.

საპროცენტო განაკვეთის გაძვირება რეალურად ნიშნავს, რომ კრედიტები და დოლარი გაძვირდება ამერიკაში, მეტიც, დაგეგმილია, რომ მომავალ წელს კიდევ ორჯერ გაზრდიან ამ განაკვეთს, ხოლო 2018 წელს 3%-მდე აიყვანენ. ამ ღონისძიებით ამერიკული დოლარი გახდება ძვირადღირებული ვალუტა, რაც სავალუტო ბაზარს უკვე დაეტყო - ევრო ისტორიულ მინიმუმზეა", - განმარტავს წიქარიძე.

რაც შეეხება დოლარის გაძვირების გავლენას ეროვნულ ვალუტებზე, მათ შორის, ლარზეც, წიქარიძე ამ მხრივ ცვლილებას არ ელის. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, ქართული ვალუტის გაუფასურება გამოწვეულია ქვეყნის ეკონომიკაში არსებული პრობლემებით და მას საერთაშორისო პროცესებთან კავშირი არ აქვს.

"რეალურად ჩვენი სატკივარი გამოწვეულია ჩვენივე მიზეზებით და დოლარის გაძვირებასთან არავითარ შეხებაში არ არის. თუ გვინდა, რომ ეროვნულ ვალუტასა და ეკონომიკას ვუშველოთ, უნდა გავატაროთ ნორმალური ეკონომიკური პოლიტიკა და გვყავდეს ნორმალური, ადეკვატური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობას არ გაექცევა. პირველ რიგში, აღიარონ, რომ გვაქვს პრობლემა და გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც გამოიწვევს რეალურ გაჯანსაღებას და არა დაღმასვლას ეკონომიკაში", - აღნიშნავს წიქარიძე.

ფინანსისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ამერიკის სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილების გამოძახილი საქართველოსთვის უმნიშვნელო იქნება. როგორც ანალიტიკოსი ნოდარ ჭიჭინაძე განმარტავს, შესაძლოა, დოლარის გამყარების გავლენა ირიბად აქაც გახდეს შესამჩნევი, მაგრამ სერიოზულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.

"ამერიკაში საპროცენტო განაკვეთის აწევა პირდაპირ საქართველოზე არ აისახება, თუმცა გადამდები ეფექტი მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომელთანაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვაკავშირებს. გავლენა ირიბად, შესაძლოა, ამ მხრივ ჩვენთანაც მოახდინოს, მაგრამ ლარის გაუფასურების მიმართულებით ეს ფაქტორი არაფერს შეცვლის. თუკი მაინც მოხდა ასე და ვინმე ლარის ვარდნას ამ პროცესს დაუკავშირებს, ეს თავის გამართლება იქნება და არა რეალობა.

თურქეთმა, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, უკვე მიმართა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იმისდა მიუხედავად, რომ წარმოება დიდი აქვს. იმისთვის, რომ ექსპორტის ხელშეწყობა სჭირდებათ, საპროცენტო განაკვეთის აწევა დაიწყეს. ევროზე გავლენა უფრო მოლოდინის ფაქტორია, სიგნალები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, წინასწარ გაკეთებული ანონსიც მოქმედებს.

ამერიკაში განხორციელებული ცვლილება საქართველოზე ნაკლებ გავლენას მოახდენს. ჩვენ ისედაც შეგვიძლია შიდა სტაბილურობას მივაღწიოთ, თუკი ქვეყანა ეკონომიკური პოლიტიკის სწორ გზას დაადგება" - განმარტავს ნოდარ ჭიჭინაძე.

განსხვავებული მოსაზრებისაა ფინანსისტი ეფრემ ურუმაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ეროვნულ ვალუტებს ძალიან გაუჭირდებათ, განსაკუთრებით კი ლარს, რომელსაც ისედაც არ აკლია პრობლემა. გლობალური სავალუტო პროცესი კურსზე გავლენას აუცილებლად მოახდენს.

"ამერიკის სარეზერვო ფონდის გადაწყვეტილება ამერიკული ვალუტის გამყარებისკენაა მიმართული და სხვა ქვეყნის ვალუტებს სამომავლოდ სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. ასეთ პოლიტიკას ამერიკის მთავრობამ შეგნებულად მიმართა და ბანკებს დოლარის რესურსი გაუძვირა. აქამდე ისინი დოლარს ძალიან დაბალ პროცენტში, ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთით სესხულობდნენ. ეს ცვლილება პირდაპირ კავშირშია ამერიკულ ბიზნესთან და საქართველოს მსგავს ქვეყნებზე უარყოფითად აისახება.

დოლარი გლობალურად გამყარდება და ეს ლარზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ვფიქრობ, ამერიკის ახლანდელი მთავრობა პროტექციონისტულ პოლიტიკას მიმართავს. ამერიკის ბიზნესის ინტერესების გაძლიერება უნდათ, რომ ეკონომიკაში მეტი ზრდა ჰქონდეთ, ვიდრე ახლაა. ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება და ამ მიმართულებით ნაბიჯებს სარეზერვო ფონდი მომავალში გადადგამს, რაც ლარისთვის, ისევე როგორც ყველა სხვა ეროვნული ვალუტისთვისაც, ნეგატიურ შედეგს მოიტანს", - აცხადებს ურუმაშვილი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"