მგონია, ეს ხალხი სხვა საქართველოში ცხოვრობს - ასე ხშირად მიხეილ სააკაშვილი ლაპარაკობდა, - აღნიშნული შეფასება Palitranews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ გააკეთა.
მისი აზრით, ხელისუფლება რეალობის აღქმას კარგავს და არ არის ადეკვატურობის სივრცეში. ”როდესაც ხელისუფლება გელაპარაკება იმაზე, რა ხდება საერთაშორისო რეალობაში და არგუმენტად მოჰყავს ფასები, რომელიც სადღაც ევროპაში იზრდება, იცოდე, რომ უკვე გატყუებს, რადგან გეუბნება მხოლოდ იმას, სად იზრდება ფასი ან სად ვარდება ვალუტა, მაგრამ არ გელაპარაკება, როგორია სისტემები იმ ქვეყნებში, რატომ არ ჰგავს იმ ქვეყნებს ხელფასებით, შრომის უფლებების დაცვით და ასე შემდეგ. მე მივიღებ არგუმენტად, რომ სადღაც რაღაც ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება საკუთარ სამშობლოს ამსგავსებს არა მხოლოდ პრობლემებით, არამედ წარმატებებითაც. მე და ბრიტანელი, მე და ფრანგი თანაბარ რეჟიმში ვართ დღეს პრობლემებთან მიმართებაში?!”, - განაცხადა გამზარდიამ.
მისივე შეფასებით, ”ჩინოვნიკები სხვა სამყაროში არიან”. ”დღეს მე ხელისუფლებას მივმართე, რომ ეგებ გავიდნენ ხალხში, ადამიანობამდე დახვიდეთ და არაადეკვატური სივრციდან ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდეთ, რადგან ეს ხალხი მგონია სხვა საქართველოში ცხოვრობს - ასე ხშირად მიხეილ სააკაშვილი ლაპარაკობდა”, - აღნიშნა მან.