ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, საქართველოში სამთო საფეხმავლო მარშრუტების ქსელის მონიშვნის ქართული სტანდრატი შემუშავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს პრეზენტაცია გამართა.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ამიერიდან ქვეყანაში ყველა სამთო საფეხმავლო მარშრუტის გეგმარება და მარკირება სტანდარტით განსაზღვრული წესების მიხედვით მოხდება, რომელიც ეროვნულ რეგლამენტად საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა.
მისივე თქმით, პროექტზე მუშაობდნენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე კერძო ტურისტული სექტორის წარმომადგენლები.
,,ეს პროექტი დამზადდა საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზების შედეგად. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 6 რეგიონის შესწავლა დასრულებული აქვს და დაწყებულია იმპლემენტაცია იმ ინფრასტრუქტურის, რომელიც გათვალისწინებულია. 2017 წელს კიდევ 2 რეგიონის შესწავლა დაემატება და უახლოესი წლების განმავლობაში საქართველო მთლიანად მარკირებული იქნება ამ თანამედროვე სტანდარტის მიხედვით”, - განაცხადა ჩოგოვაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული სტანდარტის მიხედვით უკვე მარკირებულია ზემო სვანეთში არსებული და ზემო სვანეთის-სამეგრელოსთან დამაკავშირებელი ბილიკები.
„ამ ეტაპისთვის მზად არის 156 მარშრუტის პროექტი, რომელიც 6 რეგიონს მოიცავს.
2017 წელს მას 2 რეგიონი დაემატება. 4 წლის შემდეგ კი 8 რეგიონის მარშრუტები სრულად იქნება მარკირებული. მიმდინარეობს სამთო-საფეხმავლო მარშრუტებზე ადგილობრივი გამყოლების გადამზადებაც. ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მიმდინარეობს საქართველოს სამთო საფეხმავლო მარშრუტების ერთიანი ქსელის შექმნა“, - აღნიშნა ჩოგოვაძემ.