რევაზ არველაძე - ფართო მოხმარების საგნებზე ფასები სერიოზულად გაიზარდა

არ შეიძლება არ შევხედოთ იმას, რომ ფართო მოხმარების საგნებზე სერიოზულად გაიზარდა ფასები , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან შეკითხვით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს.

დეპუტატის განცხადებით, ჯერ აქციზის გადასახადი არ არის გაზრდილი და ბენზინის ფასმა უკვე მოიმატა.

„თქვენ ბრძანეთ, რომ ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქცია არის ფასების სტაბილურობა, ასევე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. როდესაც ლაპარაკი გვაქვს ფასების სტაბილურობაზე, არ შეიძლება არ შევხედოთ იმას, რომ, პრაქტიკულად, ფართო მოხმარების საგნებზე სერიოზულად გაიზარდა ფასები. არ ვიცი, თქვენ თითონ ხმარობთ თუ არა ბენზინს, მაგრამ თქვენს მძღოლს ჰკითხეთ, რა ღირდა, ჯერ აქციზი არ არის შემოსული და რა ღირს. ასევე სხვა მოხმარების საგნებზე ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. როდესაც გავდივარ და ჟურნალისტები მეკითხებიან - გაიზრდება თუ არა ტარიფები დენზე, ბუნებრივ გაზზე და ა.შ. მე ვპასუხობ, რომ დღესდღეობით, დღევანდლამდე და გუშინდლამდე ამის საშიშროება თითქოს არ არსებობს, მაგრამ კურსი თუ ასეთივე ტემპით წავიდა, ეს საშიშროება, რა თქმა უნდა, იარსებებს და დადგება მალე, ალბათ, იმის დრო, როდესაც ეს ფასების ცვლა უნდა მოხდეს. როგორც ბრძანეთ, ეროვნულმა ბანკმა ფასების სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს, ნამდვილად არ არის დღეს ფასები სტაბილური. სხვათა შორის, ბევრი მეგობარი, თუ ნაცნობი მეუბნება, რომ რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ლარის კურსის ასეთი მკვეთი ვარდნა ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს და სხვა დროსაც გარკვეულწილად არჩევნებთან იყო დაკავშირებული და ა.შ.“, - განაცხადა არველაძემ.