ან გადადექით და წადით ან გამოსავალი შემოგვთავაზეთ, ან გეყოთ ვაჟკაცობა, ღიად უთხარით მოსახლეობას, რომ ლარი ავა სამამდე, ან გადადექით და წადით , - ასე მიმართა ”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე.
ინაშვილის თქმით, ყურადღებით უსმენს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და გუნდის წევრები აშკარად „სხვა პლანეტაზე არიან“.
”ჩვენ მივმართეთ მთავრობას რეკომენდაციით, რომ შეიმუშაოს გეგმა, რათა წლიური საბანკო პროცენტი დაწეული იყოს 3-4%-მდე. დღეს არის კაბალურად დიდი პროცენტი საქართველოში. ჩვენც ვმოგზაურობთ, დავდივართ მსოფლიოში, ვიცით იქ არსებული საპროცენტო განაკვეთები, ვიცით საბანკო მომსახურების არსი და ასეთი მაღალი პროცენტი არსად არ არის. ფიქრობთ თუ არა ამაზე, რომ ამ კრიზისულ სიტუაციაში პროცენტმა დაიწიოს 3-დან 4%-მდე? იმასაც შეგახსენებთ, რომ არაერთ ქვეყანაში ყოფილა გამოყენებული ეს მექანიზმი, მაგალითად, აშშ-ში და საკმაოდ ეფექტური იყო ეს გზა. ყურადღებით ვუსმენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის გამოსვლებს და მეჩვენება კი არა და ვხედავ, რომ სხვა პლანეტაზე იმყოფებით”, - მიმართა ინაშვილმა გვენეტაძეს.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება.
”დღეს თქვენ ვერ გვიყვებით და ვერ გვეუბნებით, რაშია გამოსავალი. საუბრობთ ფინანსურ სტაბილიზაციაზე, მაგრამ საუბრობთ თეორეტიკოსის პოზიციიდან და ჩვენ თეორიები ვერ გვიშველის. თქვენ რომ ფინანსურ სტაბილურობაზე ლაპარაკობთ, ქვეყანა გაქვთ თავზე დანგრეული, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, აქვს ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს. არ მინდა მაღალფარდოვანი სიტყვები და ციფრების ბრახა-ბრუხი, მოკლედ გვითხარით, რაშია გამოსავალი და როგორ დაასტაბილურებთ ლარს მოკლე ხანში? - ან გეყოთ ვაჟკაცობა და ღიად უთხარით მოსახლეობას, რომ ლარი ავა სამამდე, ან გადადექით და წადით”, - მიმართა ირმა ინაშვილმა კობა გვენეტაძეს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატებს „2017-2019 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა. ამ წუთებში კობა გვენეტაძე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.