ახალი წლის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება პიროტექნიკის შეძენა და ინტენსიურად გამოყენება. ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს ფოიერვერკებისა და საახალწლო ასაფეთქებლების შეძენა შეუზღუდავად შეუძლიათ.ბაზარზე სხვადასხვა სახის, სიდიდისა და სიმძლავრის პიროტექნიკა იყიდება. ფოირევერკების ფასი 3 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს, ასაფეთქებელი საშუალებების ფასი კი 20 თეთრიდან იწყება და 3 ლარამდე ადის. საახალწლო პიროტექნიკა ანოტაციების სიჭრელით გამოირჩევა, ბაზარზე გვხდება როგორც ჩინურ, რუსულ და ასევე ინგლისურენოვანი ანოტაციები, შეხვდებით ქართულენოვან განმარტებებსაც, თუმცა საქართველოში ანოტაციების ქართულ ენაზე დატანის აუცილებლობას არავინ აკონტროლებს და ადამიანებიც მოხმარების წესებს იშვიათად იცავენ. საქართველოში პიროტექნიკის მაკონტროლებელი რეგულაცია არ არსებობს, ყოველ ახალ წელს კი ასაფეთქებლებით დაზიანებული არაერთი ადამიანი საავადმყოფოში ხვდება.
როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა წინასაახალწლოდ პიროტექნიკით დაზიანების უკვე 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე პაციენტი მცირეწლოვანი ბავშვი იყო: ”პაციენტების რაოდენობის ზრდა 25 დეკემბრიდან იწყება და ძველით ახალ წლამდე გრძელდება. ჩვენს ცენტრში შარშან 100 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ოც პაციენტს სტაციონარული მკურნალობა, ცხრას კი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ასეთი პაციენტები სხვა კლინიკებშიც ხვდებოდნენ და მათი რაოდენობა გაცილებით მეტია”, - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
დამწვრობის ცენტრის დირექტორი მოსახლეობას ურჩევს რომ ელემენტარული წესები დაიცვან, მეტი ყურადღება გამოიჩინონ თავიანთი თავებისა და ოჯახების მიმართ.
ერთი წლის წინ მანიფესტ.გე-ზე პეტიცია გამოჩნდა, რომელიც ასაფეთქებელი სათამაშოების აკრძალვას გულისხმობდა. ”მოვითხოვთ, ასაფეთქებელი საშუალებები უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენონ მხოლოდ ახალი წლის ღამით. სხვა შემთხვევაში ჩაითვალოს საზოგადოებრივი წესრიგის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიმშვიდის და მათი უფლებების დარღვევად”, - ნათქვამი იყო პეტიციაში, რომელსაც მხარი 7 000-მა ადამიანმა დაუჭირა. პეტიცია, რომელიც საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს უნდა განეხილა ყველამ დაივიწყა.
მანიფესტის ავტორი ეკატერინე ლომიძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, პარლამენტმა მანიფესტი ალბათ პირველ რიგში იმიტომ არ განიხილა, რომ ხმაურის შესახებ კანონი არ არსებობს და არც არავინ ფიქრობს მის განხილვაზე. მისივე განცხადებით, ამ კანონის მიღების შემთხვევაში ფოიერვერკებისა და ეგრეთ წოდებული „ბომბოჩკების“ პრობლემა დარეგულირდებოდა: ”პეტიციით ყველაზე მთავარს, სწორედ ”ბომბოჩკების” აკრძალვას ვითხოვდით და არა ფოიერვერკების გარეშე საახალწლო დუმილს. ვისაც სურს, საახალწლო განწყობა ხმაურიანად გამოხატოს, მაგრამ გაუგებარია ფოიერვერკები მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის და ღამით, ნებისმიერ დროს შეეძლოთ მისი გაშვება. სრულიად გაუმართლებელია მთავარობის (ახლანდელი შემადგენლობაც თითქმის იგივეა, რაც შარშან) და პარლამენტის წინა შემადგენლობის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. 7 000-მა ადამიანმა უმოკლეს დროში, ერთ კვირაში დააფიქსირა თავისი პოზიცია, მოითხოვა, რომ ასაფეთქებელი სათამაშოების ქუჩაში გამოყენება აიკრძალოს. ჩვენი მოთხოვნა გადაეგზავნა მთავრობის კანცელარიას და პარლამენტს, მაგრამ ორივე ხელისუფლების წარმომადგენლებმა სრული გულგრილობა გამოიჩინეს. 7 კაცი რომ გთხოვდეს საკითხის განხილვას, ის არ უნდა უგულვებელყო და 7 000 მოქალაქის ინტერესის უგულვებელყოფა სერიოზულ უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. სხვა რომ არაფერი, მოზარდების უსაფრთხოება უნდა ანაღვლებდეთ, ფაქტია, ბავშვები ამ ”ბომბოჩკებით” ერთმანეთს ან თავებს ისახიჩრებენ, ამასთან, მათში მოძალადის წახალისება ხდება, როდესაც ვიღაცის ან რაღაცის დასათრგუნად იყენებენ ასაფეთქებელ სათამაშოებს”, - აცხადებს ეკატერინე ლომიძე.
მომხმარებელთა უფლებების დამცველი ლია თოდუა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ პიროტექნიკის შემოტანის აკრძალვა არაფერს შეცვლის:
”მათი დამზადება აქაც შეიძლება. აკრძალვა პროდუქტს გააძვირებს და მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი გახდება. პიროტექნიკის შემოტანის აკრძალვა სწორი გზა არ არის”, - განაცხადა ლია თოდუამ.
მომხმარებელთა უფლებების დამცველი ამბობს რომ, საქართველოში პიროტექნიკის რეგულირება არ ხდება. მისივე თქმით, ასაფეთქებელი საშუალებები თავისუფლად იყიდება 12 წლამდე ბავშვეზე, ანოტაციები კი ჩინურ ენაზე წერია: ”ევროკავშირში 12 წლამდე ბავშვებზე პიროტექნიკის მიყიდვა არ შეიძლება, ჩვენთან კი ამას არავინ არეგულირებს. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ გამყიდველებს ვთხოვოთ პატარა ბავშვებს ნუ მიყიდიან ამ ასაფეთქბელ საშუალებებს. პიროტექნიკაზე განმარტება ჩინურ ენაზე წერია, რა თქმა უნდა მოხმარების წესები ქართულად უნდა ეწეროს, ეს ქართულ კანონმდებლობაში წერია, მაგრამ ვინაიდიან ამ მოთხოვნის შესრულებას არავინ აკონტროლებს ბუნებრივია მას არც არავინ იცავს“, - განაცხადა ლია თოდუამ.
მომხმარებელთა უფლებების დამცველი მიიჩნევს, რომ თავად უნდა ვიზრუნოთ ასაფეთქებელი საშუალება ბავშვების ხელში არ მოხვდეს. სახელმწიფომ კი მოკლე რგოლებით, ტელევიზიის საშუალებით, მოსახლეობას მუდმივად უნდა განუმარტოს პიროტექნიკის მოხმარების წესები. ლია თოდუა განმარტავს რომ პიროტექნიკა როგორც წესი სახლს გარეთ, ღია ცის ქვეშ გამოიყენება, ადამიანსა და ასაფეთქებელს შორის დაშორება კი მინიმუმ ერთი მეტრი უნდა იყოს.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ის ყოველწლიურად მხოლოდ რეკომენდაციის გაცემით შემოიფარგლება. წელსაც შსს-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. ”სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდონ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს, გამოიყენონ ისინი ინსტრუქციის მიხედვით და მოარიდონ პიროტექნიკას არასრულწლოვანი პირები, რადგან აღნიშნული საშუალებების არასწორად გამოყენება ხშირად სავალალო შედეგებით - ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სრულდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პიროტექნიკის გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობას”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სანამ საახალწლო პიროტექნიკის მოხმარების დარეგულირებას არავინ აპირებს, სანამ მომხმარებელთა უფლებადამცველები უძლურები არიან, მანამდე ადამიანები თავად უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ თავებსა და ახლობლებს, რათა საზეიმო დღეების სტაციონარში გატარება არ მოუწიოთ.
თათია ახვლედიანი